ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: ბორის ნემცოვის აზრით ორივე კანდიდატმა ერთობლივად უნდა მოძებნოს გამოსავალი - 2004-12-01


უკრაინის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა პრემიერ მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობას. უცხოელი შუამავლები უკრაინაში დაბრუნდნენ ორ ოპონენტს შორის გარიგების მისაღწევად. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ბილ გასპერინი მოსკოვიდან იუწყება, კანონმდებლებმა ხმათა ოდნავი უმრავლესობით მოახერხეს ამ ზომის გატარება,რომელიც ფაქტობრივად იანუკოვიჩის მთავრობის დაშლას გამოიწვევს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხების ხელმძღვანელი ხავიერ სოლანა პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებთან ერთად შეეცდება უკრაინის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას, რომელიც უკვე ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. მოელიან, რომ რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის გუშინდელი განცხადებისა, რომელშიც იგი კრიზისის გადასაჭრელად უცხოეთის ზეწოლის წინააღმდეგ გამოვიდა. რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს პრემიერ მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს. ახალი არჩევნების ჩატარება ერთ ერთ შესაძლებლობად რჩება, იმ დროს როცა მსოფლიო საზოგადოება პროტესტების მშვიდობიანად წარმართვისა და კრიზისის კანონიერი გზით გადაჭრის მომხრეა. დასავლეთი მხარს უჭერს ვიქტორ იუშჩენკოს, მაგრამ პრეზიდენტი კუჩმა დაბეჯითებით იმეორებს, რომ ხელახალ არჩევნებში სხვა კანდიდატებიც უნდა ჩართონ. დღეს, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ განაახლა ოპოზიციის საჩივრის განხილვა-არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადების შესახებ. ჯერჯერობით კიევსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მშვიდობიანად მიმდინარეობს. რუსეთის ერთ ერთი ლიბერალი ლიდერი ბორის ნემცოვი ამბობს, რომ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატმა ერთობლივად უნდა მოძებნოს გამოსავალი.

XS
SM
MD
LG