ყოველწლიურად ფლორიდაში მილიონობით უცხოელი ტურისტი ჩამოდის. მათ
უმეტესობას მუდამ მზიანი ზღვის სანაპირო და ორლანდოს „დისნეივორლდი“
იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს შეერთებულ შტატებში 55 მილიონი
ტურისტი ჩამოვიდა, ითვლება, რომ 2009 წელი ინდუსტრიისთვის არამომგებიანი
იყო. პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ტურისტთა ნაკადის უწყვეტი კლება
შეინიშნებოდა, ხოლო ფლორიდაში კი სადაც ტურიზმი შტატის ეკონომიკის ოც
პროტენტს შეადგენს, შედეგი საკმაოდ სავალალო იყო:
„ყოველწლიურად
ჩვენთან დაახლოებით სამი მილიონი უცხოელი ჩამოდის. უცხოელი ტურისტების
დანახარჯი ჩვენი ეკონომიკის ჩვიდმეტ პროცენტს შეადგენს. თუ ისინი უფრო დიდ
ხანს დარჩებიან, დანახარჯი გაიზრდება კიდეც“. გვეუბნება ქალაქ ორლანდოს
ტურისტული ბიუროს წარმომადგენელი დენიელ კორტნი.
მოელიან, რომ წელს
ამერიკაში უფრო მეტი უცხოელი ტურისტი დაისვენებს, მაგრამ შეერთებული
შტატების მთავრობა წინასწარმეტყველებს, რომ უცხოელ ტურისტთა შემადგენლობაც
შეიცვლება და მათი უმეტესობა აზიიდან და სამხრეთ ამერიკიდან ჩამოვა.
ფიქრობენ, რომ ტურისტების რაოდენობით ბრაზილია, ინდოეთი და ჩინეთი
დაწინაურდებიან:
„გართობისა და ტურიზმის ინდუსტიის პრობლემას ის
წარმოადგენს, რომ ეს ინდუსტრია დიდადაა დამოკიდებული ჯანსაღ ეკონომიკაზე
იმიტომ, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში პირველ რიგში ხალხი
გართობის ხარჯებს კვეცავს“. გვეუბნება როლინსის კოლეჯის ტურიზმის
ინდუსტრიის სპეციალისტი რიჩარდ ფოგელსონგი.
სამხერთ აფრიკელებმა
რუდი ვან როიენმა და ფილიპა სმითმა წელს ფლორიდაში დასვენება გადაწყვიტეს.
ვან როიენი ამბობს, რომ უცხოეთში გამგზავრება იმან განაპირობა, რომ
ეკონომიკა ჯერ კიდევ სტაბილურია:
„ახლა, როდესაც ამერიკის
ეკონომიკა ცუდ დღეშია, ნათელია, რომ ზარალს მთელი მსოფლიო განიცდის,
მაგრამ ისეთი პანიკა, როგორც ამერიკაშია არსად ყოფილა“. ამბობს იგი.
თუმცა
ორლანდოს ტურიზმის ცენტრში მოსული მრავალი ევროპელი ამბობს, რომ ბევრი
მათი თანამემამულე ამერიკაში მოგზაურობისგან თავს იკავებს:
„ჩვენ
რეცესიამ დიდი დარტყმა მოგვაყენა და ჩემის აზრით მოგზაურობაზე უარის თქმაც
სწორედ ამის ბრალია“. ამბობს ბრიტანელი ტურისტი სუ პეიჯი.
ამ დროს
კი მოელიან, რომ გასული წლის ექვსპროცენტიანი შემცირებისგან განსხვავებით,
წელს გლობალური ეკონომიკა ოთხი პროცენტით გაიზრდება. ტურიზმის ინდუსტრიის
ლიდერებიც იმედოვნებენ, რომ ეს მათზე სასიკეთოდ იმოქმედებს.