ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არიან თავისუფალი სიტყვის დაუძინებელი მტრები


ვინ არიან თავისუფალი სიტყვის დაუძინებელი მტრები

<!-- IMAGE -->

ყოველი წლის 3 მაისს მსოფლიოში პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2010 წელს ჟურნალისტთა და ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს დღე დიდი მობილიზაციით აღნიშნეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ თემაზე არაერთი კონფერენცია, შეხვედრა თუ მანიფესტაცია გაიმართა. პარიზულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ სიტყვის თავისუფლების დაუძინებელი მტრების ახალი სია გამოაქვეყნა და მორიგი საინფორმაციო კამპანია წამოიწყო ლოზუნგით „მათ მხოლოდ თავისუფალი სიტყვა დაამარცხებს“.

როგორია დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოში პრესის თავისუფლების თვალსაზრისით და ვინ არიან თავისუფალი სიტყვის დაუძინებელი მტრები, ამის შესახებ ჩვენს მიკროფონთან ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თანადირექტორმა და მისმა მთავარმა რედაქტორმა ბატონმა ჟილ ლორდემ ისაუბრა. მისი აზრით, პრესის თავისუფლებას მსოფლიოში წინა წელთან შედარებით, სამწუხაროდ, პროგრესი არ განუცდია.

„ პრესის თავისუფლების მტრების სია მსოფლიოში კვლავ გრძელია, განაცხადა მან. წელს მათი რიცხვი 40-ს შეადგენს. მდგომარეობა ძალიან ნელა და უმნიშვნელოდ იცვლება პრესის თავისუფლების სასარგებლოდ. ზოგიერთ ქვეყანაში სადაც ხანგრძლივი პრობლემები არსებობს, არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. იქ შეუძლებელია ჟურნალისტისათვის პროფესიული თავისუფლების ქონა.“

ვინ არიან თავისუფალი სიტყვის დაუძინებელი მტრები ? პრესის თავისუფლების დამცველები ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს ასახელებენ, ზოგშიც რელიგიურ ლიდერებს, პოლიციის მეთაურებს ან კიდევ სხვადასხვა სახის შეიარაღებულ კანონიერ თუ უკანონო დაჯგუფებებს.

„ სხვადასხვა სახის მტრები არსებობენ, აღნიშნა ბ-ნმა ლორდემ, ისინი ან ის ინდივიდები რომლებიც თავად განახორციელებენ ძალადობრივ და რეპრესიულ პოლიტიკას ჟურნალისტების წინააღმდეგ, ან გარკვეული ორგანიზაციები, ჯგუფები, რომლებიც რომელიმე რელიგიის ან იდეოლოგიის სახელით სასტიკ ბრძოლას უცხადებენ თავისუფალ სიტყვას.“

შავ სიაში შეტანილი ორმოცი კანდიდატიდან ლიდერობენ უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი ფიგურები როგორებიც არიან კიმ ჯონ-ილი ჩრდილოეთ კორეა, რაულ კასტრო კუბა, მაჰმუდ აჰმადინეჯადი და ქვეყნის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი ირანიდან და მოამარ კადაფი ლიბიიდან.

რუსეთიდან შავ სიაში ვლადიმერ პუტინი და რამზან კადიროვი ფიგურირებენ. სამხრეთ კავკასიიდან შავ სიაში მოხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ყოფილი საბჭოთა ბლოკიდან ჟურნალისტთა უფლებების დამცველებმა ასევე დაასახელეს ბელორუსიის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. 2010 წლის სიაში საქართველო შეტანილი არ არის.

თავისუფალი პრესის დაუძინებელ მტერთა შორის ქვეყნის მმართველი პირების გარდა მოხსენებული არიან ესპანეთიდან ბასკური ტერორისტული დაჯგუფება „ეტა“, იტალიური მაფიური იატაკქვეშა ორგანიზაციები, კოლუმბიაში არსებული მეამბოხე რევოლუციური და პარამილიტარული დაჯგუფებები რომლებიც ძირითადად ადამიანთა გატაცებებით კავდებიან, ნეპალის, სომალისა და ფილიპინების ტერიტორიებზე არსებული შეიარაღებული ფორმირებები, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალები ისევე როგორც პალესტინის უშიშროება და ჰამასის შეიარაღებული განშტოება.

როგორ ამხნევებენ პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები იმ ჟურნალისტებს რომლებსაც უაღრესად საშიშ ზონებში უწევთ მუშაობა ? იმათ ვისაც საკუთარი პროფესია ზოგჯერ სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

„ისინი თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან - შეგვახსენებს ჟურნალისტთა უფლებების დამცველი - დემოკრატიული წინსვლისა და სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის თავისუფლებისათვის, ინფორმაციის მიღების უფლებისათვის რაც უმთავრესია ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისთვის. მათ ჩვენ სრული მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვეხმარებით შეძლებისდაგვარად“.

სიტყვის თავისუფლების დამცველები ამ მძიმე რეალობასთან ერთად არ გამორიცხავენ რომ იმ ფაქტსაც რომ ყველაფრის მიუხედავად საიმედო ძვრები აქა იქ მაინც შეინიშნება. „დაკვირვებამ აჩვენა რომ ზოგიერთ ქვეყანაში დიალოგი შესაძლებელი გახდა ქვეყნის მმართველ ძალებთან. ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია, ჩვენი მოვალეობაა მათზე მუდმივი დაკვირვება მოვახდინოთ“, განაცხადა ბ-მა ლორდემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საზოგადოებას შეახსენებს რომ მსოფლიოში მხოლოდ 2010 წელს უკვე 9 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო 300, მათ შორის ჟურნალისტები და ინტერნეტ მომხმარებლები, დააკავეს.

XS
SM
MD
LG