ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკა უმჯობესდება


ამერიკის ეკონომიკა უმჯობესდება
<!-- IMAGE -->

ამერიკის ეკონომიკა 2010 წლის პირველ კვარტალში სტაბილური ტემპით გაიზარდა. ეს ნაწილობრივ მომხმარებლის მიერ ფულის დახარჯვის მომატებასთანაა დაკავშირებული.

შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით მთლიანი ეროვნული პროდუქტი 3.2 პროცენტით გაიზარდა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ამერიკის ეკონომიკა გამოსწორების გზას ადგას.

პარასკევს, ვარდების ბაღში გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ დაფიქსირებული მაჩვენებლის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ამერიკის ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის:

„ეს რიცხვები იმას ნიშნავს. რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანობაში გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ვიდერე შარშან იყო. ეკონომიკა, რომელიც ოთხი კვარტლის განმავლობაში სტაბილურად იკუმშებოდა, ახლა უკვე მესამე კვარტალია იზრდება.“

ერთი წლის წინ ეკონომიკა ექვს პროცენტზე მაღალი მაჩვენებლით იკუმშებოდა. ახლა კი, ველს ფარგო ბანკის ეკონომისტი ჯონ სილვიას თქმით, მომხმარებელი უფრო მეტ საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს ყიდულობს, ასევე მოიმატა მანქანების გაყიდვამ და ხალხმა მოუმატა რესტორნებში სიარულს. ბატონი სილვიას თქმით:

„მომხმარებელს ეტყობა, რომ თავს ართმევს სიტუაციას, ხოლო ბიზნეს ინვესტიციები, განსაკუთრებით აღჭურვილობასა და კომპიუტერულ პროგრამებში საკმაოდ ძლიერია.“

მიუხედავად ყველაფრისა, მომხმარებელი მაინც სიფრთხილეს იჩენს. დაახლოებით 15 მილიონი ამერიკელი უმუშევარია. პრეზიდენტი ობამას თქმით, სამუშაო ადგილების შექმნა მისი უპირველესი პრიორიტეტია:

„მილიონობით ამერიკელი, ჩვენი მეგობრები, მეზობლები და თანამოქალქეები მზად არიან დაუბრუნდნენ სამსახურებს და მათთვის ერთადერთი ეკონომიკური სიახლე სამსახურის შოვნა იქნება.“

ექსპერტების აზრით ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი 2010 წლის განმავლობაში ცხრა პროცენტის ფარგლებში დარჩება. ამერიკელების ნაწილს დაუსაქმებლობით გამოწვეული სიბრაზე ვოლ სტრიტზე გადააქვს.

ხუთშაბათს ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის ფინანსურ ცენტრში, ნიუ იორკის სააქციო ბაზართან და ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებში კორპორატიული სიხარბე დაასახელა.

დემონსტრაციის მონაწილეთა შორის პროფკავშირების ლიდერი რიჩარდ ტრუმკაც იყო. მისი თქმით:
„ვოლ სტრიტმა საკუთარი მოქმედებებით და სპეკულაციებით ქვეყანას 11 მილიონი სამუშაო ადგილი დააკარგინა. მაგრამ ისინი ამას ვერ ხვდებიან და საქმიანობას ძველებურად აგრძელებენ.“

მაგრამ ნიუ იორკის აქციათა ბაზარზე საქმე ძველებურად არ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა აქციებიზე ფასი აწია, პარასკევს , დღის ბოლოსთვის აქციების ღირებულება მკვეთრად დავარდა.

ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც გაკეთდა განცხადება, რომ ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის გოლდმან საქსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.



XS
SM
MD
LG