ახლადჩამოყალიბებული დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი შიდა ქართლს ეწვია. მათი პირველი გასვლითი შეხვედრა გორში შედგა, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ექსპერტთა კლუბი არაერთ ცნობილ ანალიტიკოსს აერთიანებს, მათგან გორში იმყოფებოდნენ გია ხუხაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ლაშა ტუღუში და კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი, როგორც ამ უკანასკნელმა განაცხადა, მათ თბილისის გარეთ პირველი შეხვედრის ორგანიზება გორში გადაწყვიტეს, რადგან ესაა ქალაქია, რომელმაც ბოლო ორი წლის მანძილზე ბევრი სიძნელე გადაიტანა. ექსპერტთათვის მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიღება აქაური საზოგადოების განწყობების, შეხედულებების, დამოკიდებულებების შესახებ.
შეხვედრაზე როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ადამიანები რეგიონებში თავს მოწყვეტილად გრძნობენ დანარჩენი სამყაროსგან. პოლიტიკოსებმა იმის შესახებაც კი განაცხადეს, რომ მათ მიერ აღმოჩენილ საბიუჯეტო დარღვევების შესახებ ყურს ხშირად მათივე პარტიის სათაო ოფისიც იყრუებს. დაუძლეველ პრობლემად რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმი დასახელდა. ისაუბრეს საზოგადოებაში მყარად ფეხმოკიდებული ნიჰილიზმისა და გათიშულობის პრობლემებზეც.
კლუბი სახელისუფლებო ვალდებულებებისგან დამოუკიდებელ ექსპერტთა გაერთიანებაა, რომელთა მიზანია ობიექტური ინფორმაციის დამუშავება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მათი გავრცელება. სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ისინი პერიოდულად ხვდებიან სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოების წარმომადგენლებს, რომელთაც უზიარებენ საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე.
სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებას სწორედ რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერვით ცდილობს. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ წინასწარ ყველამ იცის, ვინ იქნება გამარჯვებული, არჩევნებში მონაწილეობის აზრსაც ვეღარ ხედავს. ამ ყველაფერს შედეგად პასიურობა მოსდევს, რაც ხელისუფლების გამარჯვებას უწყობს ხელს. მექანიზმი მარტივი და ქმედითია: ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები თუ არ მივლენ არჩვნებზე და საკუთარი განწობის დაფიქსირებას საჭიროდ არ ჩათვლიან, აუცილებად მივა ელექტორატი, რომელიც ხელიუსფლებას უჭერს მხარს და ეს უკანასკნელიც გამარჯვებული აღმოჩნდება.
ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესები რეგიონებში ჩამკვდარია. იგი ერთ-ერთი გამომსვლელის ციტირებასაც ახდენს, რომელმაც იმის საილუსტრაციოდ, რომ რეგიონებში ინფორმაციულობის ხარისხი ძალიან დაბალია, მაგალითად მოიყვანა მეზობლის კითხვა, იმის თაობაზე, უნდა აირჩიონ თუ არა გიგი უგულავა გორში. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რეგიონებში სიტუაციის გამოსწორების გარეშე, საქართველოში სამოქალაქო პროცესების განვითარებაზე საუბარი ზედმეტი იქნება.