ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საინვესტიციო კომპანია „გოლდმან საკსი“ თავს იცავს


საინვესტიციო კომპანია „გოლდმან საკსი“ თავს იცავს
საინვესტიციო კომპანია „გოლდმან საკსი“ თავს იცავს

<!-- IMAGE -->

კონგრესში გამართული მოსმენების დროს საინვესტიციო კომპანია „გოლდმან საკსის“ აღმასრულებელ ხელმძღვანელობას საკუთარი მოქმედებების დაცვა მოუხდათ

სამშაბათს შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ მოსმენებზე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „გოლდმან საკსის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა უარყვეს ბრალდებები, რომ მათ უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილ კრიზისში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. შეერთებული შტატების სენატში შექმნილი კონგრესმენების ჯგუფი იძიებს „გოლდმან საკსის“ წინააღმდეგ ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლის კომისიის მიერ შეტანილი ბრალდებები, რომელიც ხსენებულ საინვესტიციოკომპანიას საკუთარი ინტერესებისა და შემოსავლის გამო კლიენტების უგულვებელყოფაშიადანაშაულებს. კომპანიის ოფიციალური პირები გამუდმებით უარყოფენ, რომ მათ რაიმე უკანონო აქვთ ჩადენილი.

ჟურნალისტებით გატენილ მოსმენების დარბაზში პრესის წარმომადგენლების რიცხვი კანონმდებლებს აღემატებოდა. კომპანია „გოლდმან საკსის“ წარმომადგენლები წარდგენილ იყვნენ როგორც სიხარბის განსახიერებანი, რომლებსაც არაფერი აინტერესებდა საკუთარი ინტერესების გარდა.

სენატის კომიტეტის თავჯდომარემ სენატორმა კარლ ლევინმა კომპანიის წარმომადგენლებს მწვავე კითხვები დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ „გოლდმან საკსი“ აგრძელებდა უძრავი ქონების დაგირავებაზე დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვას მაშინაც, როცა კომპანიის შიდა ელექტრონულ მიმოწერაში ამგვარ ინვესტიციებს „ნაგვად“ მოიხსენიებდნენ. ამასთან დაკავშირებით სენატორმა ლევინმა აღნიშნა:

„თვით ის ფაქტი, რომ თქვენ ასობით მილიონ დოლარად შეფასებულ გარიგებებს აფორმებდით მაშინ, როცა თქვენივე თანამშრომლები ამგვარ გარიგებებს ‘ნაგავს’ უწოდებდნენ, ნუთუ თქვენ ეს არ გაწუხებთ?“

კომპანია „გოლდმან საკს“ ადანაშაულებენ იმის გამო, რომ ამ საინვესტიციო კომპანიის მიერ გაფორმებულმა სარისკო ფინანსურმა გარიგებებმა საბოლოო ჯამში უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისული მდგომარეობა გამოიწვია.

მაგრამ ფაბრის ტურე, რომელსაც ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლის კომისია სარისკო ინვესტიციების გასაღებაში ადანაშაულებს, უარყოფს ბრალდებებს.

„მე კატეგორიულად ვუარყოფ ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლის კომისიის ბრალდებებს და მე მზად ვარ დავიცვა ჩემი თავი ამ ცრუ ბრალდებებისგან სასამართლოში,“ განაცხადა ფაბრის ტურემ მოსმენების დროს.

ბრალდებების საპირისპიროდ „გოლდმან საკსი“ აცხადებს, რომ სახცოვრებელ სახლებში დაბანდებული ინვესტიციებისგან კომპანიამ 1.2 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.

„გოლდმან საკსის“ ხელმძღვანელმა ლოიდ ბლანკფეინმა, რომელიც მოსმენებში ბოლო მოწმე იყო, აღნიშნა, რომ მისი კომპანია ბაზაზრზე მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. მისი თქმით:

„ჩვენ საცხოვრებელი სახლების ბაზარზე უკანონო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიგვიღია და ჩვენი კლიენტების წინააღმდეგ რაიმე ზომა არასოდეს არ მიგვიღია. ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენ სარისკო ფაქტორები კარგად შევაფასეთ ჩვენი აქციონერების ინტერესების გათვალისწინებით.“

სენატის კომიტეტის განცხადებით კი ერთწლიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ „გოლდმან საკსმა“ 2008 წელს საცხოვრებელი სახლების ბაზარზე შექმნილი კრიზისის შედეგად 3.7 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.

ათსაათიანი მოსმენების ფონზე პრეზიდენტი ობამა და მისი დემოკრატი მხარდამჭერები კონგრესში ქვეყნის ფინანსური სექტორის რეფორმას ცდილობენ.


XS
SM
MD
LG