<!-- IMAGE -->
გორში, საბავშვო ბაღების შენობებში ჯერაც მრავლად არიან 2008 წლის აგვისტოს ომის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები. მათი უმეტესი ნაწილი დევნილის სტატუსს ჯერაც ელოდება. რის გამოა, რომ ომიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც სახელმწიფოს ვერ უთქვამს პასუხი ამ ადამიანებისთვის, არიან ისინი დევნილები თუ არა.
კონკრეტულად, საუბარია რამდენიმე სოფელზე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და არ ჯდება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში. ამ ადგილებზე პრეტენზიას არც ოსური მხარე გამოთქვამს, თუმცა ფაქტობრივად, მოსახლეობა იქიდან გამოდევნილია.
ქართული მხარე, სოფლებს, რომლებსაც ვეღარ აკონტროლებს, დაკარგულად არ მიიჩნევს და არც ამ ადგილებიდან დევნილ მოსახლეობას უწოდებს დევნილს. ასეთი ოჯახები კი გორში მრავლად არიან და არაერთი საბავშვო ბაღის შენობას ავსებენ. ასეთ კატეგორიას ეკუთვნის ზარდიაანთკარის, გუგუტიანთკარის, ნაწილობრივ ერგნეთისა და ახალი ხურვალეთის მოსახლეობა. ყველა მათგანი ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებს გაფაციცებით ადევნებს თვალს, მოლაპარაკებების, რომელთა პირველი ათეული რაუნდიც უკვე ჩავლილია.
შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილე გიორგი ავალიანი ამ დაკარგული და დაკარგულად არ მიჩნეული ტერიტორიების შესახებ საუბრისას ადასტურებს, რომ გორის მუნიციპალიტეტიდან დევნილ მოსახლეობას ისინი ჯერაც ვერაფერს სთავაზობენ. მისი თქმით, „ამ ადამიანების დევნილად მიჩნევა არ შეიძლება, რადგან ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ.“
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომლებსაც ომის გამო არ შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება, არ შეიძლება ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მხოლოდ დაპირებებით კვებოს და თუ ოფიციოზს მიუღებლად მიაჩნია მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, რაღაც სხვა, ალტერნატიულ მექანიზმზე მაინც უნდა იმსჯელოს.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწოფომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს ყოველი კონკეტული ადამიანის ბედი და თუ დადასტურდა, რომ პირს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მართლაც არ შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნება, დევნილის სტატუსი უნდა მიანიჭოს. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან იძულებით წამოსული მოსახლეობის უფლებების შესახებ დავზე სარჩელს ამ კუთხით ევროსასამართლოში რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ამზადებს.