ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის ტერაქტების ანალიზი


მოსკოვის ტერაქტების ანალიზი
მოსკოვის ტერაქტების ანალიზი
<!-- IMAGE -->

მოსკოვის მეტროში რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ტერორისტულ აფეთქებებთან და საერთაშორისო ურთიერთობების სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას საკუთარი დაკვირვებები გაუზიარა სტენფორდის უნივერსტიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა პროფესორმა ჯონ დანლოპმა.
კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა იგი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების პოლიტიკურ მნიშვნელობას, პროფესორმა დანლოპმა გვიპასუხა:
„ამ ორმა სავალალო ტერორისტულმა აფეთქებამ მოსკოვის მეტროში გარკვეული თვალსაზრისით რუსეთს უფრო ავტორიტარული მიმართულებით უბიძგა და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა, რასაკვირველია, საქართველოს ჩათვლით.“
დანლოპის თქმით, ხსენებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ დაგვანახა, რომ მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში და განსაკუთრებით კი დაღესტანსა და ინგუშეთში კვლავინდებურად უაღრესად არასტაბილურია. შედეგად არ არის გამორიცხული რომ ახლო მომავალში მსგავსი ტერორისტული აქტები გამეორდება. ამას გარდა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რაც შეეხება მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებებს ჯერ-ჯერობით ამ ტერორისტული აქტების დეტალები საჯაროდ არ გამოქვეყნებულ და ამდენად საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევი იქნებოდა. თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რუსი ჟურნალისტის ირინა გორდიენკოს სტატიების ციკლი, რომელიც გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა. ამ სტატიების ავტორი დაღესტანში მოგზაურობდა დაღუპული თვითმკვლელი ტერორისტების ნათესავებისგან ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
რაც შეეხება რუსეთის ოფიციალური პირების და განსაკუთრებით კი უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებებში ეგრეთწოდებული „ქართული კვალის“ შესახებ, ბატონმა დანლოპმა აღნშინა:
„ეს ძალზედ შემაშფოთებელია რადგან ბატონი პატრუშევი რუსეთის ხელისუფლების საკმაოდ ძლევამოსილი ოფიციალური პირია. როგორც მოგეხსენებათ, იგი უშიშროების საბჭოს მდივანია და ფაქტობრივად ძალოვან სტრუქტურებს განაგებს. ამდენად ამგვარ განცხადებებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. რასაკვირველია მისი განცხადებების დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ არსებობს. იმავდროულად, სიმართლე გითხრათ, მე ძალიან დამაიმედა ამ განცხადებებზე განათლებული და პროგრესული რუსების რეაქციამ. მაგალითად, სერგეი კოვალიოვმა, რომელიც პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს რუსეთის ადამიანის უფლებების რწმუნებული იყო, პატრუშევს სათანადო პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები არავითარ ფაქტობრივ მტკიცებულებას არ ეფუძნება.“
ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის როლის შესახებ პროფესორმა დანლოპმა განაცხადა:
„მე მიმაჩნია, რომ ყირგიზეთში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა საკმაოდ საშიშია. იქ ხომ ფაქტობრივად ორმმართველობაა, რაც ყოველთვის სახიფათოა. ყოვლად გაურკვეველია ის თუ რა მოხდება ყირგიზეთში ახლო მომავალში. გუშინწინ გაზეთ ‘ვაშინგტონ პოსტში’ გამოქვეყნდა სტატია სათაურით ‘რუსეთმა ყირგიზეთში მომხდარი არეულობა გააღვივა.’ თუ ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს ძალზედ შემაშფოთებელია. ეს აგრეთვე შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ შესაძლოა იგივე პოლიტიკა ანუ საქართველოს დესტაბილიზაციის პოლიტიკა ირჩიოს. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ ეს გამორიცხული არ უნდა იყოს. ამდენად, ის რაც ყირგიზეთში მოხდა შემაშფოთებელია და იქ მომხდარ მოვლენებს გარკვეული გავლენა აქვს შეერთებულ შტატებზეც რადგან ყირგზიეთში განლაგებული სამხედრო ბაზის ბედი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის ამჟამად.“




XS
SM
MD
LG