ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში უშიშროების ზომები გაძლიერდა


ნიუ იორკის საზოგადოებრივ სატრანზიტო სისტემაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა მას შემდეგ რაც მოსკოვის მეტროპოლიტენში თვითმკვლელი ტერორისტების ორი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 39 ადამიანი დაიღუპა.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, მართალია ქალაქის მეტროპოლიტენის წინააღმდეგ მიმართული რაიმე გარკვეული საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, გამაფრთხილებელი მიზნით ნიუ იორკის მეტროში უსაფრთხოების დამატებითი ზომები დაწესდა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები შეიარაღებული პოლიციელებისა და მეძებარი ძაღლების სიმრავლეში გამოიხატა, რომლებიც მიწისქვეშა სადგურების პატრულირებას ახორციელებენ. ამას გარდა სამართალდაცმველები ჩანთების ხშირ ჩხრეკასა და იმ ადგილების მონიტორინგს ახორციელებენ სადაც ხალხის დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული.

ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ქალაქის მოსახლეობის სახელით მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლთ სამძიმარი გამოუცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ ნიუ იორკში რუსული წარმოშობის 250,000 მაცხოვრებელი ცხოვრობს. ბლუმბერგის თქმით ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმა ქალაქს ახსენებს, რომ სიფხიზლე აუცილებელია. ამასთან დაკავშირებით ბლუმბერგმა განაცხადა:

„დამერწმუნეთ ყოველდღე ჩვენ უსაფრთხოების ზომებს ვცვლით და ცხადია, რომ ჩვენ საჯაროდ არ ვაცხადებთ იმას, თუ რა სახის ზომების მიღებას ვაპირებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს იმას თუ რა ხდება მსოფლიოში.“

მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ნიუ იორკში, ვაშინგტონში, ბოსტონში, ჩიკაგოსა და შეერთებული შტატების სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

ნიუ იორკის მეტროს ერთ-ერთი მგხავრი ვილმა მეთიუსი აღნიშნავს, რომ რუსეთში მომხდარი თავდასხმები ყველას ახსენებს, რომ საზოგადოებრივი ტრანზიტის სისტემა კვლავინდებურად დაუცველია. მისი თქმით:

„თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება სურს, ალბათ ვერ შეაკავებ. რა იცი ვის რა აქვს ქურთუკის ქვეშ?“

გასულ თვეს ავღანელი წარმოშობის იმიგრანტი, ნაჯიბულა ზაზი, რომელიც შეერთებული შტატების კოლორადოს შტატში ცხოვრობდა, თავი დამნაშავედ სცნო და აღიარა, რომ იგი ნიუ იორკის მეტროპოლიტენში აფეთქების მოწყობას აპირებდა.


XS
SM
MD
LG