ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეროვნული საბჭოს“ კრება გორში


წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორში დღეს პირველი პოლიტიკური შეკრება ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის პარტია, „ეროვნული საბჭო“ გახლდათ. შეკრების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, „ალიანსი საქართველოსთვის“ გორის ორგანიზაციის წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომლის ძირითადი მესიჯი ნოღაიდელის მიმართ გაისმა. მას მოუწოდეს, გორში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა, რადგან აქ მცხოვრებთათვის, რუსული აგრესიის მსხვერპლთათვის, პრო–რუსულად განწყობილი პარტიის იდეოლოგიის მოსმენა გამაღიზიანებელი იქნებოდა.

„ეროვნული საბჭოს“ მიერ მოწყობილი შეხვედრა კინოთეატრ „გამარჯვების“ შენობაში გაიმართა. სხვათა შორის, ომის დროს კასეტური ბომბის ჩამოვარდნის შედეგად ამ კინოთეატრის ფასადიც დაზიანდა. მისი მესაკუთრე ამჟამად შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილე გახლავთ. სანამ ზურაბ ნიღაიდელი შენობაში შევიდოდა, მისთვის გზის გადაღობვა ომის შედეგად დაზარალებულმა რამდენიმე ქალბატონმა სცადა. თუმცა შეფერხებას რეალურად, ადგილი არ ჰქონია. შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ ხელისუფლებისგან ფული აიღეს პროვოკაციის მოსაწყობად და სააკაშვილის მთავრობას ტერორისტების გუნდი უწოდეს.

კინოთეატრის დარბაზი ხალხით სავსე იყო. შეხვედრა კობა დავითაშვილმა გახსნა, რომელსაც ზვიად ძიძიგურის გამოსვლა მოჰყვა. ძირითადი აქცენტი იმის შესახებ გაკეთდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე საქართველოს არ ეშველება, რადგან მისი ბაზრის პოტენციალი უზარმაზარია, რომელზე პრიორიტეტის მოპოვებაში ერთმანეთს ევროპის ქვეყნები ერთმანეთს ეცილებიან. საქართველოს კი, რაკი ევროპის ბაზრის ათვისებამდე ჯერ ბევრი უკლია, ისღა დარჩენია, რუსულ ბაზარზე დაბრუნების გზები ეძებოს. ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ნოღაიდელი ასეთ გზას გვთავაზობს. „ჩვენ შეგვიძლია დაგპირდეთ ის, რომ რუსეთთან ურთიერთობას აღვადგენთ. ამის გარეშე ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი არ შეიძლება. რაც შეეხება იმის გარანტიას, რომ რუსეთი ოკუპირებულ მიწებს დაგვიბრუნებს, ასეთი გარანტია ხელში არავის უჭირავს, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ურთიერთობების აღდგენის გარეშე, არანარ პერსექტივაზე არ შეიძლება იყოს საუბარი?“ ,– ამბობს ძიძგური.

ზურაბ ნოღაიდელი შეხვედრაზებოლო მომხსენებელი იყო. მისი გამოსვლა დარბაზში შემოსული რამდენიმე ქალბატონის ხმამაღალი საუბრის თანხლებით მიმდინარეობდა. ქალბატონები ამბობდნენ, რომ მათ ომში შვილები და მეუღლეები დაკარგეს და ამ გასაჭირის დროს ნოღაიდელი მათთან არათუ არ ყოფილა, არც გახსენებია დაზარალებულები.

ჩვენს კითხვაზე, აღიარებს თუ არა რუსეთს, როგორც აგრესორს, ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ცხადია რუსეთი აგრესორია და ამის შესახებ არავინ დავობს. გორიდან „ეროვნული საბჭოს“ წევრები სურამში გაემგზავნენ. ქალაქი მათ ისე დატოვეს, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის თავნჯდომარე გორელებისთვის არ წარუდგენიათ.


XS
SM
MD
LG