ჯგუფი „საერთაშორისო ამნისტია" აცხადებს, რომ ყაზახეთის ციხეებში დაკავებულების წამება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ჯგუფის მიერ ყაზახეთისადმი მიძღვნილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ წამება პოლიციის მიერ ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ მაშინვე იწყება. მათ რეგულარულად ცემენ და დახრჩობის სიმულაციით აწამებენ. ყაზახეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეჭვმიტანილის რეგისტრირება დაკავებიდან სამი საათის განმავლობაში უნდა მოხდეს, მაგრამ ხშირად ამას რამდენიმე დღე არ აკეთებენ. ამ დროს კი ეჭვმიტანილებს ადვოკატებთან, ოჯახის წევრებთან და ექიმებთან დაკავშირების უფლებას არ აძლევენ.