ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონალური არჩევნები რუსეთში


რუსეთის რეგიონალური არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ცხადყო, რომ მმართველი პარტია „ედინაია როსია" ამომრჩევლებს შორის მოსალდონელზე უფრო ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს, რაც თავის მხრივ ქვეყანაში გამეფებული ინფლაციითა და უმუშევრობით არის განპირობებული.

კვირას რუსეთის 83 რეგიონიდან 76 რეგიონში ამომრჩევლები საარჩევნო უბნებში იკრიბებოდნენ ხმების მისაცემად. მართალია წინასწარი შედეგების მიხედვით „ედინაია როსიამ" გამარჯვებას მიაღწია, პარტიის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა. შედეგად „ედინაია როსიამ" ადგილების უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე რეგიონალურ პარლამენტში მოიპოვა.

მაგალითად, ხაბაროვსკის რეგიონში, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთს ესაზღვრება, „ედინაია როსიამ" ხმების 48 პროცენტი მოიპოვა. ხოლო ურალის მთებში მდებარე სვერდლოვსკის რეგიონში მას ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა მისცა ხმა, მაშინ როცა მოსალოდნელი იყო, რომ მას 50 პროცენტზე მეტი დაუჭერს მხარს.

„ედინაია როსიას" წევრი და რუსეთის პარლამენტის შრომისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარე ანდრეი ისაეიევი აღნიშნავს, რომ ამომრჩეველების ხმებში გლობალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული რეაქცია აისახა.

ისაიევი აღნიშნავს, რომ პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: რუსმა ოჯახებმა დანაზოგები დახარჯეს, ქვეყანაში უმუშევრობის დონე იზრდება, ომის ვეტერანების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ-ჯერობით გადაუჭრელად რჩება, სახელმწიფო მოხელეების ხელფასები წელს არ გაიზრდება, ხოლო კომუნალურ მომსახურეობაზე გადასახადები მატულობს.

ციმბირის ქალაქ ირკუტსკში ქალაქის მერის არჩევნებში „ედინაია როსიას" კანდიდატმა სერგეი სერებრენიკოვმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 27 პროცენტი დაიმსახურა, მაშინ როცა კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ვიქტორ კონდრაშოვმა 62 პროცენტი მოიპოვა.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ნიკოლაი პეტროვმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირკუტსკის მერის არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ „ედინაია როსიას" კანდიდატის დამარცხება იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის მოსახლეობამ გარედან პოლიტიკური ფიგურის დანიშნვნის მცდელობაზე უარი თქვა.

პეტროვი აღნიშნავს, რომ „ედინაია როსიას" ხშირად საოკუპაციო ძალად აღიქვამენ რადგან ამ პარტიის მეთოდები საკმაოდ უხეშია. მისი თქმით, ირკუტსკში ამის მანიშნებელი ის იყო, რომ რეგიონის გუბერნატორის თანამდებობას უკვე მესამედ იკავებს სანქტ პეტერბურგიდან წარგზავნილი პირი, რომელსაც რეგიონთან არაფერი აკავშირებს. პეტროვს მიაჩნია, რომ გუბერნატორმა ალბათ გადაწყვიტა, რომ მისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება, თუ ადგილობრივ პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩნდება ძლიერი ფიგურა, რომელიც მოსახლეობის ნდობით იქნება აღჭურვილი.

პეტროვი აღნიშნავს, რომ ამის საპასუხოდ ამომრჩევლებმა ხმა ადგილობრივ კომუნისტ პოლიტიკოსს მისცეს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ვლადიმირ ჩუროვმა აღნიშნა, რომ რეგიონალურ არჩევნებში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირებული არ იყო. გასულ სამშაბათს მან ისიც განაცხადა, რომ რუსეთში არჩევნების პროცესი მსოფლიოში საუკეთესოა.

მაგრამ „ედინაია როსიამ," რომელიც წარსულში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას იცავდა, განაცხადა, რომ კვირას გამართულ არჩევნებში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა. პარტიის ვებ გვერდზე განთავსებული განცხადების ავტორი, რუსი კანონმდებელი ვიაჩესლავ ტიმჩენკო აღნიშნავს, რომ არჩევნების დროს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ძალზედ ბევრი დარღვევა დაუშვეს. კერძოდ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლების წინააღმდეგ ზოგ შემთხვევაში ძალადობის ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი. ამას გარდა, „ედინაია როსიას" განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ კვირას ამომრჩეველთა შესყიდვისა და ხმების გაყალბების ფაქტებიც დაფიქსირდა.

რუსეთში არჩევნების მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა „კოლოსმა" დაადასტურა ხსენებული დარღვევები. მაგრამ ჯგუფის დირექტორმა ლილია შიბანოვამ ამერიკის ხმას მოახსენა, რომ ხსენებული დარღვევების ლომის წილი თვით „ედინაია როსიას" ჩადენილი იყო. მან აღნიშნა, რომ პარტიამ არჩევნებში წარმატების მისაღწევად ადმინისტრაციული რესურსები ან ოფიციალური ზომები გამოიყენა, სახელმწიფო მედიის ჩათვლით.

შიბანოვა დასძენს, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იგივე დონეზე მოხდა რაც გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული რეგიონალური არჩევნების დროს. ამას გარდა, „ედინაია როსიას" საარჩევნო კამპანია ოპონენტების წინააღმდეგ უფრო აგრესიული ტონით გამოირჩეოდა. მისი თქმით „კოლოსმა" დარღვევები ყოველ მეოთხე საარჩევნო უბანში დააფიქსირა.

ვლადიმირ ჩუროვის თქმით კი, ამომრჩეველთა გამოცხადება 43 პროცენტზე ნაკლები იყო. როგორც მოსალოდნელია, რუსეთის რეგიონალური არჩევნების საბოლოო შედეგები ოთხშაბათამდე იქნება ცნობილი.


XS
SM
MD
LG