იერუსალიმის ოკუპირებულ აღმოსავლეთ ნაწილში სინაგოგის გახსნამ პალესტინელთა პროტესტი გამოიწვია. ხალხმა ქვები დაუშინა პოლიციას. სამართალდამცავებმა კი საპასუხოდ დემონსტრანტებს რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზის შემცველი ხელყუმბარები ესროლეს. დაკავებულია რამდენიმე პალესტინელი. არაბულენოვანი მედია ამტკიცებს, რომ შეტაკებაში სულ მცირე ოცი პალესტინელი დაშავდა. ისრაელის პოლიცია კი აცხადებს, რომ დაჭრილია ორი პოლიციელი:
„ჩვენ ძალზე შეშფოთებულები ვართ ზოგი პალესტინელი ლიდერის განცხადებით. ისინი სინაგოგის გახსნის მნიშვნელობას სხვაგვარ სარჩულს უდებენ. ეს კი მხარეებს შორის არსებულ დაძაბულობას უფრო ნათლად ააშკარავებს. ჩვენ მოვუწოდებთ პალესტინელ ოფიციალურ პირებს, რომ მათ ასეთი გამოწვევებისგან თავი შეიკავონ". განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა პი ჯეი კროულიმ.
პალესტინელები იმითაც არიან განრისხებულნი, რომ გასულ კვირას ისრაელმა მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე მდებარე უკანონო დასახლების გაფართოება გადაწყვიტა. პალესტინელთა ლიდერები აცხადებენ, რომ ისრაელთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების განახლებამდე ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.