ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კვლევა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ


ოთხშაბათს, 3 მარტს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევათა ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ძალადობის მომასწავებელი ფაქტორების მონიტორინგი და პროგნოზირება აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.“

შეხვედრაზე ახალი საფრთხეების კვლევითი პროექტის პრეზენტაციით გამოვიდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი კევინ ჯოუნსი, რომელიც ხსენებულ კვლევით პროექტს ხელმძღვანელობს, და იმავე პროექტზე მომუშავე ანალიტიკოსი გრეგ ზალასკი.


გამოსვლის დასაწყისში ბატონმა ჯოუნსმა აღნიშნა, რომ ახალი საფრთხეების კვლევით პროექტს ძირითადად ეროვნული დაზვერვის დირექტორის ღია წყაროების ცენტრი აფინანსებს. ამ პროექტის მთავარი მიზანია ახალ საფრთხეებთან ასოციირებული გამაფრთხილებელი მაჩვენებლების შესწავლა ღია წყაროებზე დაყრდნობით. ამ მეთოდის გამოყენებით მოკლევადიანი პერსპექტივის ფარგლებში ჯოუნსი სამოქალაქო ძალადობისა ან შესაძლო საბრძოლო მოქმედებების პროგნოზირებას ცდილობს. ამდენად პროექტი შეიცავს როგორც ცალკეული მოვლენების დეტალურ აღწერას ისე წინასწარი გაფრთხილების სისტემის ელემენტებს. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით პროექტი უცხოური მედიის წყაროებს გარკვეული კლასიფიკაციის მიხედვით ახარისხებს. ღია წყაროებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება კი ნაწილობრივ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეოხებით ხორციელდება, ხოლო ნაწილობრივ მას ანალიტიკოსები ასრულებენ.


ახალი საფრთხეების კვლევითი პროექტის ეფექტურობის დასადგენად კევინ ჯოუნსმა და მისმა კოლეგამ გრეგ ზალასკიმ ჩაატარეს ყოვლისმომცველი რეტროსპექტიული ანალიზი იმ მოვლენებისა, რომელიც 2008 წლის იანვრიდან რუსეთ-საქართველოს ომს წინ უძღვოდა. შედეგად ჯოუნსმა და ზალასკიმ დაადგინეს, რომ მზადრი დაძაბულობის ფონზე შეინიშნებოდა სამი ტენდენცია. პირველი ტენდენცია საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადებების რიცხვით განისაზღვრება. მაგალითად, 2008 წლის იანვრიდან მაისის ბოლომდე კვირაში საშუალოდ ხუთი განცხადება იყო დაფიქსირებული, ხოლო შემდგომში ეს რიცხვი თექსვმეტამდე გაიზარდა. მეორე ტენდენცია ის იყო, რომ მედიის ყურადღება აფხაზეთიდან სამხრეთ ოსეთზე გადავიდა. მესამე ტენდენცია კი ის იყო, რომ ინვისიდან მოყოლებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების შეხვედრები რუსეთის ოფიციალურ პირებთან მკვეთრად გახშირდა.

ამჟამად ახალი საფრთხეების კვლევითი პროექტის ფარგლებში ჯოუნსი და ზალასკი ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ძალადობას იკვლევენ. ამასთან დაკავშირებით ჯოუნსმა აღნიშნა:


„ჩრდილოეთ კავკასიაში ამჟამად თავდასხმები უფრო ხშირია ვიდრე ამ თავდასხმებთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადებები. შეიძლება იმის თქმა, რომ ამ რეგიონის დინამიკა საქართველოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.“

პრეზენტაციის მიწურულს კითხვაზე შესაძლებდა თუ არა იგი ამ კვლევითი მეთოდების გამოყენებით რუსეთ-საქართველოს ომის პროგნოზირებას ჯოუნსმა დასძინა:


„მე მჯერა, რომ თუ ამ ინფორმაციას ნამდვილ დროში ანალიტიკოსი დაუკვირდებოდა, იგი უთუოდ შეამჩნევდა სახიფათო მოვლენების სიხშირეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. იგი აგრეთვე დაინახავდა, რომ გარკვეულ მომენტში ყურადღება სამხრეთ ოსეთზე გადავიდა, რაც მნიშვნელოვანი იყო. შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ომის დაწყების თარიღის დადგენა, მე ვფიქრობ, რომ არა. მაგრამ ის ვინც მაშინ რუსეთის სამხედრო წვრთნებს თვალ-ყურს ადევნებდა ალბათ მიხვდებოდა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების ვარაუდი საკმაოდ მაღალი იყო.“


XS
SM
MD
LG