ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში მყოფმა იმიგრანტებმა 24-საათიანი გაფიცვა მოაწყვეს


იტალიაში მყოფმა იმიგრანტებმა იტალიის საზოგადოებაში საკუთარი როლის მნიშვნელობის გამოსაჩენად და რასიზმისა და მათ წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის საპროტესტოდ 24-საათიანი გაფიცვა მოაწყეს.

ეს იყო იტალიაში მყოფი იმიგრანტების პირველი „ეროვნული გაფიცვა.“ ამ ღონისძიების მიზანი იყო იმ იმიგრანტების „გამოჩენა,“ რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ და მუშაობენ. იტალიის სამოც ქალაქსა თუ დასახლებაში ათი ათასობით იმიგრანტმა და ზოგ შემთხვევაში იტალიელმაც საპროტესტო დემონსტრაციები გამართა.

იტალიის ქალაქების მოედნებზე გამართულ დემონსტრაციებში მონაწილე აქტივისტები ყვითელ ფერს იყენებდნენ ქვეყნის ყოველდღიურ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში იმიგრანტების როლის მნიშვნელობის წარმოსაჩენად. სწორედ ასე ახასიათებდა საპროტესტო აქციების მიზანს ღონისძიებების მთავარი ორგანიზატორი კომიტეტი სახელწოდებით „დღე ჩვენს გარეშე.“

მსგავსი საპორტესტო აქციები საფრანგეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში გაიმართა. ყვითელ ბაირაღებს აფრიალებდნენ უცხოელები, ევროკავშირის მოქალაქეები, მეორე თაობის იმიგრანტები და „ისინი, ვინც რასიზმსა და დისკრიმინაციის ყველა ფორმას უარყოფს.“

ევროკავშირში იმიგრანტების გაფიცვის დღის ორგანიზატორებს ამ ღონისძიების გამართვის იდეა 2006 წელს შეერთებულ შტატებში მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ ლათინოამერიკელი იმიგრანტების მიერ გამართულმა დემონსტრაციებმა შთააგონა.

[ACTUALITY IN ITALIAN]

ეს მილანელი აქტივისტი აღნიშნავს, რომ იმიგრაცია სისხლის სამართლის დანაშუალი როდია. არალეგალური იმიგრანტების გაიგივება კრიმინალურ საქმიანობასთან მოძველდა. მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ აუცილებელია ამ ახალი მოქალაქეების მიმართ ახლებური მიდგომის შემუშავება.

იმიგრანტები აღნიშნავენ, რომ ისინი მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებენ. ზოგი ძიძად მუშაობს, ზოგი მოხუცებულებს უვლის, ბევრი კი მინდვრებში ხილსა და ბოსტნეულს კრეფს ან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულ სამრეწველო საწარმოებში მუშაობს.

ისინი წარმოშობით აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან არიან. იტალიაში იმიგრანტების რიცხვი ოთხ მილიონს აღემატება.

[ACTUALITY IN ITALIAN]

ეს აფრიკელი კაცი აღნიშნავს, რომ მას იგივე უფლებები უნდა ჰქონდეს რაც იტალიელებს აქვთ რადგან იგი და სხვა იმიგრანტები მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაშია არიან დასაქმებული.

ბევრ იტალიელს კარგად ესმის, რომ ქვეყანას უცხოური მუშა ხელი სჭირდება.

[ACTUALITY IN ITALIAN]

ამ იტალიელს საქონლის ფერმა ეკუთვნის. მისი თქმით, იტალიელებს უცხოელი მუშები ესაჭიროებათ, განსაკუთრებით კი ინდოელები, რომელბსაც, მისი თქმით, საქონლის მოვლა ეხერხებათ.

დემონსტრანტები უცხოელი მუშების პატივისცემასა და მათი ღირსების დაცვას მოითხოვდნენ. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიელებს შორის განსხვავებული აზრიც არსებობს. ზოგ იტალიელს იტალიელი მუშების უფლებების დაცვა უფრო ადარდებს. ამ მიზნით დღეს მილანის გარე უბანში იტალიის ნაციონალისტურმა ჩრდილოეთის ლიგის პარტიამ საპასუხო დემონსტრაცია გამართა.

ალექსანდრე მელიქიშვილი. ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.

XS
SM
MD
LG