ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-შაბაბი სომალელი ისლამისტი მეამბოხეების დაჯგუფებაა


ბრიტანეთის მთავრობა სომალელ ისლამისტ მეამბოხეთა დაჯგუფება ალ-შაბაბი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ალ-შაბაბი სომალელი ისლამისტი მეამბოხეების დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის კონტროლის მოპოვების მიზნით სომალის გარდამავალ მთავრობას ებრძვის. ამ დაჯგუფებამ ტერორისტულ ორგანიაცია ალ-ყაიდას ერთგულება გამოუცხადა. დაჯგუფების მთავარი მიზანია სომალიში ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

ლონდონში მდებარე ჩათამჰაუსის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი როჯერ მიდლტონი აღნიშნავს, რომ ალ-შაბაბის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს. მისი თქმით ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობა გლობალური ჯიჰადის განცხადებებით გამოდის.

„ისინი ხშირად რადიკალურ ისლამურ ლოზუნგებს იყენებენ. თუმცა გაურკვეველია ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ალ-შაბაბის რიგითი წევრებისთვის, რომლებიც უფრო დიდ მნიშვნელობას ნაციონალისტურ იდეებს ანუ სომალის უცხოელებისგან გათავისუფლებას ანიჭებენ,“ აღნიშნავს მიდლტონი.

ანალიტიკოსები გამოთქვამენ მზარდ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალ-შაბაბი საზღვარგარეთ მყოფი ახალგაზრდა სომალელების ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცდილობს. ბრიტანეთში ეს ბევრს აღელვებს რადგან ევროპაში სომალელების ყველაზე მრავალრიცხოვანი სათვისტომო სწორედ აქ მდებარეობს.

ეს საკითხი ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სომალელების სათვისტომოებსაც ადარდებს. ამასთან დაკავშირებით მიდლტონი აღნიშნავს:

„არსებობს იმის ნამდვილი საშიშროება, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას სომალის ომში მონაწილეობის მიზნით უპირებენ. რადგან ამ პირების უმეტესობა ბრიტანეთში ან შეერთებულ შტატებში გაიზარდა და სომალიაში არსებულ მდგომარეობაში არ ერკვევა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მათ სომალიში თვითმკველი ტერორისტების როლში აგზავნიან. ამდენად სომალელების სათვისტომოებში ამ საკითხს დიდი შეშფოთებით აღიქვამენ.“

ბრიტანეთის მთავრობის ბრძანება ალ-შაბაბის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ ქვეყნის პარლამენტის მიერ უნდა დამტკიცდეს. თუ პარლამენტმა ხსენებული ბრძანება დაამტკიცა, მაშინ ამ ორგანიზაციაში წევრობა სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასი იქნება. ამას გარდა, ალ-შაბაბის წევრებს ბრიტანეთში ფულის შეგროვება და სხვა საქმიანობა აეკრძალებათ.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ალ-შაბაბი ტერორისტულ ორგანიზაციად უკვე გამოცხადებულია.

ამ განვითარების პარალელურად სომალის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი შეიხ შარიფ შეიხ აჰმედი ლონდონს ოფიციალური ვიზიტით უნდა ესტუმროს. ვიზიტის ფარგლებში მომავალ კვირას იგი ჩათამ ჰაუსში სიტყვით გამოვა.


XS
SM
MD
LG