ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიდერლანდების მთავრობა დაიშალა


შაბათს, 20 თებერვალს, ნიდერლანდების კოალიციური მთავრობა გადადგა იმის გამო, რომ ორმა მთავარმა პარტიამ ვერ გამონახა საერთო პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ავღანეთში ნიდერლანდების სამხედრო ძალების წლის ბოლომდე გაყვანას ეხება.

ნიდერლანდების მთავრობის გადადგომა ნატოს ალიანსს მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აყენებს, რადგან ალიანსის ხელმძღვანელობამ ნიდერლანდებს ავღანეთში ჯარების გაზრდისა და იქ მათი სამხედრო მისიის გაგრძელებით თხოვნით მიმართა.
ნიდერლანდებს ავღანეთში დაახლოებით ორი ათასი ჯარისკაცი ჰყავს. ისინი ძირითადად ქვეყნის ცენტრში მდებარე ურუზგანის პროვინციაში არიან განლაგებულნი. ნიდერლანდერბის სამხედრო ძალები ავღანეთში 2006 წლიდან იმყოფებიან. 2008 წელს მათი მანდატი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდა. ნატოს სურდა, რომ ნიდერლანდებს ავღანეთში საკუთარი სამხედრო ძალები უფრო დიდი ხნით დაეტოვებინა, მაგრამ კოალიციური მთავრობა ამ მოთხოვნას ვერ დაეთანხმა.


ამდენად ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი იან პიტერ ბალკენენდე და მისი მთავრობა გადადგნენ. ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ ნიდერლანდების სამხედრო ძალები მალე სამშობლოში დაბრუნდებიან.
ნიდერლანდების საზოგადოებრივი აზრის ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგბმა ცხადყო, რომ ავღანეთში ნიდერლანდების სამხედრო ძალების მისიის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერამ მკვეთრად იკლო. ნიდერლანდების დედაქალაქ ჰააგაში საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ არაერთგვაროვანია.
ჰააგის ერთი მკვიდრის რაინი დე ვაიკის თქმით:
„ერთის მხრივ მე ვფიქრობ, რომ ისინი იქ უნდა დარჩნენ, მაგრამ მეორეს მხრივ მე ვფიქრობ, რომ დროა, რომ ისინი შინ დაბრუნდნენ. ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, რომ ზოგიერთი ჯარისკაცი ამბობდა, რომ მათ მისია ბოლომდე უნდა მიიყვანონ.“

ჰააგის სხვა მკვიდრის ლიდიას თქმით კი:

„ჰოლანდიელი ჯარისკაცები იქ საავადმყოფოებსა და სკოლებს აშენებენ. ეს სამხედრო მისია არ იყო. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ავღანეთში მშვიდობის დამკვიდრების მიზნით მათი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა მე მჯერა რომ ისინი შინ უნდა დაბრუნდენ.“

ნიდერლანდების ახალ მთავრობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეიძლება თავისუფლების პარტია გახდეს. ამ პარტიის პოლიტიკური პლატფორმა მთავრობის მიმართ უნდობლობასა და ანტი-ემიგრანტულ განწყობას ეყრდნობა. პარტიის ლიდერი გირტ ვილდერსი განმარტავს თუ რატომ ამართლებს იგი ავღანეთიდან ნიდერლანდების სამხედრო ძალების გაყვანას:

„მე ვფიქრობ, რომ ჯარი უნდა გავიყვანოთ არა იმიტომ, რომ მე ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს ვეწინააღმდეგები. ჰოლანდიის პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე პარტიებისგან განსხვავებით ჩვენი პარტია ავღანეთში თალიბ მეამბოხეთა წინააღმდეგ ომის წარმართვისა და ავღანეთში თავისუფლების დამკვიდრების მომხრეა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჰოლანდიელებმა თავისი დავალება პირნათლად შეასრულეს.“

ბრიუსელში ნატოს შტაბ ბინაში ოფიციალური პირების განხადებით, მიუხედავად იმისა თუ რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით ნიდერლანდების ახალი მთავრობა, ისინი მას მხარს დაუჭერენ. რასაკვირველია სასურველი იქნებოდა, რომ ნიდერლანდების საჯარისო კონტინგენტი დარჩენილიყო, მაგრამ ალიანსის წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის თქმით ავღანეთში მოქმედი სამხედრო კოალიცია 44 სახელმწიფოს აერთიანებს. აპატურაი აღნიშნავს:

„სოლიდარობა ძალიან მაღალ დონეზეა და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ნატოს არ შეუძლია და არც აქვს ცალკეული სახელმწიფოების შიდა დისკუსიებში ჩარევის უფლება. ჩვენ აქ ამას არ ვიზამთ, მაგრამ ჩვენ გვსურს კოლექტიური მცდელობის სულისკვეთება შევინარჩუნოთ.“

მაგრამ ლონდონში მდებარე კინგს კოლეჯის სამხედრო კვლევათა ფაკულტეტის პროფესორს ანატოლ ლივენს მიაჩნია, რომ ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებას ალიანსის შიგნით გამოხმაურება მოჰყვება. ლივენი დასძენს:

„ეს მოქმედება საკმაოდ ნეგატიურ გზავნილს წარმოადგენს ფრანგებისთვის, კანადელებისთვისა და გარკვეულ წილად ბრიტანელებისთვისაც, მაგრამ რაც შეეხება რიცხობრივ მხარეს ნიდერლანდების საჯარისო კონტინგენტი საკმაოდ უმნიშვნელო და შესაბამისად შენაცვლებადი იყო. მათ ხომ ამერიკელი სამხედროები თავისუფლად შეენაცვლებიან.“

ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების კონტინგეტნი ყველაზე დიდია და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა წელს მათ რაოდენობას დამატებითი 30,000 ჯარისკაცით გაზრდის. ბრიტანელებთან ერთად ამერიკელები ამჟამად 2001 წლის ავღანეთში თავდაპირველი შესვლიდან მოყოლებული ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ. მართალია ნიდერლანდების სამხედრო ძალების ავღანეთიდან გაყვანა შესაძლოა სამხედრო ძალების ბალანსს მნიშვნელოვნად არ შეცვლის, მაგრამ ნიდერლანდების მთავრობის გადადგომა იმის დასტურია, რომ ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტს ცალკეული ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე ძალზედ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.



XS
SM
MD
LG