ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა-ლატვიის  ეკონომიკური მდგომარეობა


გუშინ სტუდენტებმა უკრაინა-ლატვიის ეკონომიკური მდგომარეობისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევათა ფაკულტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში შემაჯამებელი სემინარი-დისკუსია გამართეს. დისკუსიაში პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტი ანდერს ასლუნდი იღებდა მონაწილეობას. სემინარი ევროპის საკითხთა დარგის პროფესორმა რიჩარდ ჰირშმა გახსნა:

შემდეგ სიტყვით სტუდენტი ტედ რეინერი გამოვიდა, რომელმაც ძირითადად უკრაინაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„კიევში 11 იანვრიდან 13 იანვრამდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარებამდე ვიმყოფებოდით. ჩვენ ქვეყნის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, პოლონეთის, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, მსოფლიო ბაკის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს და ბიზნესმენებს ვესაუბრეთ. ბევრ მათგანს უკრაინის უახლოესი მომავალი საკმაოდ პესიმისტურად ესახება. ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. უკრაინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას 2008 წელს შეუერთდა, ვინაიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკა რამდენიმე პროცენტიან ზრდას განიცდიდა. ეს და კიდევ ის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა ნარინჯისფერი რევოლუციის დამსახურებაა, მაგრამ მნიშვნელოვანი რეფორმები არ გატარებულა. გლობალურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა უკრაინას და ეს ქვეყენა ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის ვინც დახმარება სთხოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. უკრაინული გრივნა მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე მაღალ ინფლაციას განიცდის. ქვეყნის პოლიტიკური პოლარიზაცია კი ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ნეგატიურად მოქმედებს. ბევრი დარწმუნებულია, რომ წელს ეკონომიკა კიდევ უფრო გაუარესდება. რაც შეეხება ლატვიას აქ სიტუაცია კიდევ უფრო სავალალოა. ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ლატვიის ეკონომიკა წლების განმავლობაში დიდი სისწრაფით იზრდებოდა, თანაც ქვეყანას ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება უწევდა. უკრაინისგან განსხვავებით ლატვია ასე კორუმპირებული არ არის და ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი მიზერულია." აღნიშნა ტედ რეინერმა. შემდეგ სიტყვით გრეგ ფულერი გამოვიდა:

„მე საერთაშორისო კონტექსტიდან დავიწყებ. ლატვიაში არსებული სიტუაცია უკრაინისგან პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ საერთაშორისო სავალუტიო ფონდისგან განსხვავებით, აქ ევროკავშირი იღებს დიდ მონაწილეობას. პირველ რიგში ევროკავშირი ცდილობს, რომ კრიზისის ლოკალიზაცია ლატვიაში მოხდეს და მეზობელ ქვეყნებს არ გაედაედოს. ამის მისაღწევად კავშირი გარკვეული პირობით თანხებს აძლევს რიგას. ჩვენ გამართული საუბრებიდან დავასკვენით, რომ ლატვიელები საკამოდ დაბნეულნი არიან. ქვეყნის მომავალი ნათლად თითქმის არავის ესახება. ერთადერთი რაც იკვეთება ისაა, რომ ლატვია ევროს ზონაში შესვლას ცდილობს. გასულ წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევრო გვირაბის ბოლოს შუქს წააგავს. მაგრამ ამის მისაღწევად რიგამ დეფიციტი უნდა შეკვეცოს და ინფლაცია შეაცეროს. უკრაინაში ძლიერი ინსტიტუტები ჯერ არ არსებობს და ქვეყნის ბედს დიდწილად პიროვნებები წყვეტენ. ლატვიაში პიროვნული ფაქტორი ძლიერი არ არის. ეს ბევრად უფრო ჩამოყალიბებული ქვეყანაა და აქ სახელმწიფო ინსტიტუტები ნორმალურად მოქმედებს. განაცხადა გრეგ ფულერმა. საბოლოოდ მიკროფონი ბატონ ანდერს ასლუნდს დაეთმო:

„ლატვიამ და უკრაინამ, როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ საკუთარი ძალებით კრიზისთან გამკლავება არ შეეძლოთ, საერთასორისო სავალუტო ფონდს მიმართეს. ახლა ასეთივე მდგომარეობაში ჩავარდა საბერძნეთიც. უკრაინაში და ლატვიაში კრიზისი ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის „ლიმან ბრადერსის" გაკოტრებამ განაპირობა. მე უკრაინაში ერთი თვე არ ვიყავი ნამყოფი და როდესაც ხელმეორედ ვესტუმრე კიევს ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ სულ სხვა ქვეყანაში ჩავედი. 2008 წლის სექტემბერში დიდ პრობლემას კვალიფიცირებული მუშახეკლის მოძიება და საოფისე სივრცის ნაკლებობა წარმოადგენდა. ოქტომბერში კი ოფისის ქირაობა აღარავის უნდოდა და ხალხს უკვე ათავისუფლებდნენ სამსახურიდან".

„რაც შეეხება ლატვიას, აქ კრიზისის ნიშნები უკვე 2007 წელს იყო სახეზე. შვედურმა ბანკებმა ქვეყანაში თანხების დაბანდების პროცესი შეაჩერეს. უკრაინაში კი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2008 წლის აგვისტომდე 11 პროცენტით იზრდებოდა". აღნიშნა ბატონმა ასლუნდმა.

„ლატვიის შემთხვევაში ევროკავშირმა უარყოფითი როლი ითამაშა. რიგას საკმაოდ რთული პირობების შესრულებას მოსთხოვდნენ, როდესაც კავშირის უფრო ძველ წევრებს, მაგალითად საბერძნეთს, რომელიც ამ მოთხოვნებს არ ასრულებს და თითქმის ყველაფერში ჩამორჩება ლატვიას ელოლიავებიან და ათენის მიერ შედგენილ ეკონომიკის ყალბ მაჩვენებლებზე თვალს ხუჭავენ". დაასრულა გამოსვლა ბატონმა ასლუნდმა.

დისკუსიის დროს უკრაინის და ლატვიის პოლიტიკურ მომავალზეც ისაუბრეს. თუმცა როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს სიტუაციის შედარებით დაშოსმინებას ორივე ქვეყანაში ერთი წელი მაინც დასჭირდება. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.

XS
SM
MD
LG