რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის მიერ ქვეყნის პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის საჯარო კრიტიკამ ბატონ პუტინის პოლიტიკური პარტიის წევრების რისხვა გამოიწვია. ისინი რუსი კანონმდებლის გადაყენებას მოითხოვენ. ამ კრიტიკის საპასუხოდ სერგეი მირონოვი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებაში მესამე ადგილს იკავებს, პარლამენტში უმცირესობის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
მმართველმა პარტიამ „ედინაია როსიამ“ პარლამენტის სპიკერის სერგეი მირონოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო მას შემდეგ, რაც ეროვნული ტელევიზიის ერთ-ერთ ტოლკ-შოუზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ იგი და მისი „სამართლიანი რუსეთის“ პარტია ბატონ პუტინის ბიუჯეტსა და მის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მირონოვმა „ედინაია როსიას“ პროგრამას „საეჭვო კონსერვატიზმი“ უწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი პუტინი „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობს, თუმცა იგი პარტიის წევრი არ არის.
ხსენებული შენიშვნების გამო „ედინაია როსია“ მირონოვის გადაყენებას მოითხოვს. პარტიის ვებ გვერდზე წევრების უამრავი კომენტარია მოთავსებული, რომელშიც ისინი მირონოვს ცინიკოსს, მოღალატეს, ვირთხასა და საეჭვო რეპუტაციის პირს უწოდებენ. ზოგს მიაჩნია, რომ მირონოვი პოლიტიკური სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
პარტიის წევრმა ანდრეი ისაიევმა ამერიკის ხმას მოახსენა, რომ მირონოვი პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის თანამდებობას მხოლოდ „ედინაია როსიას“ მხარდაჭერის გამო ინარჩუნებს. მისი თქმით, სპიკერმა მთავრობის მიმართ მხარდაჭერა და არა კრიტიკა უნდა გამოხატოს. ისაეივი აგრეთვე განმარტავს, რომ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში პოლიტიკური ფრაქციები აკრძალულია.
ისაიევი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ის, რომ ოპოზიციის ლიდერი ხელისუფლების საკვანძო თანამდებობას იკავებდეს. მისი თქმით, მირონოვი ხელისუფლებაში ყოფნის ყველა პრივილეგიით სარგებლობს. იგი შეჯავშნულ მერსედესში დაიარება და მას შეუფერხებელი მოძრაობის უფლება აქვს. ამას გარდა, მას ემსახურება საკუთარი ოფისი და პირადი დაცვა ჰყავს. მირონოვს შეუძლია გუბერნატორებს არჩევნების დროს საკუთარი პარტიისთვის ხმების შეგროვება დაავალოს. ამისდამიუხედავად, ისაეივის თქმით, მირონოვი საკუთარ თავს ოპოზიციის ნაწილად აღიქვამს და არაფერზე პასუხისმგებელი არ არის.
სანქტ პეტერბურგის ინტერნეტ გაზეთ „ნევსკოე ვრემიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მირონოვი აღნიშნავს, რომ სიღარიბის ზღვრის დაბლა მყოფი რუსეთის მოქალაქეები, უმუშევრები, მცირე ბიზნესის მეპატრონეები, კორუმპირებული ბიუროკრატებით დაჩაგრული მცირე ბიზნესის მეპატრონეები, გაღარიბებული მასწავლებლები და სხვები სტატუს კვოს შენარჩუნებაში დაინტერესებულები არ არიან. მისი თქმით, „სამართლიანი რუსეთის“ პარტიის საპარლამენტო უმცირესობას მილონობით რუსეთის მოქალაქე მხარს უჭერს.
მირონოვი მოითხოვს, რომ „ედინაია როსიამ“ გასულ წელს საპარლამენტო საქმიანობის გარანტიების შესახებ მიღებული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები შეასრულოს. მისი თქმით, თუ „ედინაია როსია“ საპარლამენტო უმცირესობაში აღმოჩნდა, მაშინ მას ხსენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები დასჭირდება.
ქვედა პალატაში „სამართლიანი რუსეთის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ლევიჩევმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ედინაია როსია“ მისი პარტიის საკანონმდებლო პროგრამას ეწინააღმდეგება.
ლევიჩევს მიაჩნია, რომ მირონოვის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე ტყუილად დახარჯული ენერგიისა და ვნებათა ღელვის ნაცვლად ქვეყნისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა ის, რომ „ედინაია როსიამ“ „სამართლიანი რუსეთის“ საკანონმდებლო ინიციატივები საჯაროდ შეამოწმოს.
მოსკოვში კარნეგის სახელობის ცენტრის პოლიტიკური მიმომხილველი მაშა ლიპმანი კი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინის საჯარო კრიტიკა რუსეთში საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა.
ლიპმანის თქმით აქამდე ბატონ პუტინის კრიტიკა ასეთ მაღალ დონეზე და ეროვნული ტელევიზიის ეთერში არ მომხდარა. იგი აღნიშნავს, რომ როცა პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი წინა მთავრობის პოლიტიკასა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აკრიტიკებს, იგი პუტინის სახელს არასოდეს არ ახსენებს.
იანვარში პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და მზარდ პოლიტიკურ პაექრობას ქვეყნის მოდერნიზაციაში წვლილის შეტანა შეუძლია. ეროვნული ტელევიზიით გაშუქებული სახელმწიფო საბჭოს სხდომის დროს მან ქვეყანას რეფორმისკენ მოუწოდა. აღსანიშნავი ისიც არის, რომ ხსენებული სხდომის დროს რუსეთის მცირე პარტიების წარმომადგენლებმა მედიაში დამკვიდრებული ცენზურა და „ედინაია როსია“ დაგმეს.
ინტერნეტზე მოთავსებულ სტატიაში ბატონი მირონოვი აღნიშნავს, რომ მუნიციპალურ დონეზე მმართველი პარტია „სამართლიანი რუსეთის“ წევრების დევნას ახორციელებს, რომელიც პირების დაშინებასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. მირონოვი დასძენს, რომ ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიტიკური მრავალფეროვნება და მრავალპარტიული სისტემა ვიღაცის კაპრიზს კი არ წარმოადგენს არამედ რუსეთის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპია.