ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება


საქართველო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლებს აღარ გააგზავნის, რათა დაიცვას "ნეიტრალიტეტი" ორივე კანდიდატის მიმართ და შეინარჩუნოს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილგანწყობა, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 3 თებერვალს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არჩევნების მეორე ტურზე იმის გამო, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველი დამკვირვებლების საკითხმა, საქართველო არ გაგზავნის დამკვირვებლებს უკრაინაში, აქვე მოვუწოდებთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან მიწვეული და აკვირდებიან არჩევნებს, დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ორივე კანდიდატს შორის სრული ნეიტრალიტეტი იქნას დაცული და იმ კეთილგანწყობის შენარჩუნებას, რაც ტრადიციულად, ისტორიულად არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პირთან ვითანამშრომლებთ და მზად ვართ ახალ ეტაპზე გავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა" - განაცხადა პრესსპიკერმა. იმ ქართველ დამკვირვებლებს, რომლებიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უწევდნენ მეთვალყურეობას, აკრედიტაციაზე არანაირი პრობლემები არ შექმნიათ უკრაინის ცესკოს მხრიდან განსხვავებით საქართველოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში წარდგენილი 2 ათასზე მეტი დამკვირვებლისგან, რომელთა დარეგისტრირებაზეც უკრაინის ცესკომ უარი განაცხადა. მეორე ტურისათვის უკრაინაში 400-მდე დამკვირვებლის გაგზავნა იგეგმებოდა. ქართული ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის მედია საშუალებებში დამკვირვებლებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიო-ჩანაწერების საფუძველზე უკრაინის საქმეებში "უხეშ ჩარევაში" დაადანაშაულა.

ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს უკმაყოფილებას ქართული მხარის მიმართ და ამავე დროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელნიც საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებოდნენ უკრაინის პრეზიდენტის პირველი ტურის არჩევნებს, ფიქრობს რომ მათ კვლავ უნდა მიიღონ მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიაში.

7 თებერვალს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და პარტია რეგიონების ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი დაუპირისპირდებიან.


XS
SM
MD
LG