შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით 2009 წელს გლობალური უმუშევრობის მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია მას შემდეგ რაც 1991 წლიდან ამ სტატისტიკური მაჩვენებლის შეფასება დაიწყო. ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში სათაურით „გლობალური უმუშევრობის ტენდენციები 2010,“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასულ წელს მსოფლიოში 212 მილიონი უმუშევარი დაფიქსირდა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, გლობალური უმუშევრობის კრიზისი 2007 წელს დაიწყო, მაგრამ სამუშაო ადგილების შემცირებამ ყველაზე მაღალ დონეს სწორედ 2009 წელს მიაღწია.
მოხსენების მთავარი ავტორი, ლაურენს ჯეფ ჯონსონი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება განვითარებულ, ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებიძთ ჯონსონი აღნიშნავს:
„აღსანიშნავია აგრეთვე ის არის, რომ 2009 წელს უმუშევრობის მაჩვენებლის 40 პროცენტით გაზრდა ინდუსტიალიზებული ეკონომიკის ქვეყნების გამო მოხდა, რაც საინტერესოა რადგან ინდუსტრიალიზებული ეკონომიკის ქვეყნებზე მსოფლიო სამუშაო ძალის მხოლოდ 15 პროცენტი მოდის.“
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოანგარიშების მიხედვით, გლობალური უმუშევრობის მაჩვენებელი 2010 წლის მანძილზე მაღალ დონეს შეინარჩუნებს. ჯონსონის თქმით, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებსა და ევროკავშირში უმუშევრობის მაჩვენებელი დამატებითი სამი მილიონი ადამიანით გაიზრდება.
მაგრამ ჯონსონი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სხვა რეგიონებში 2010 წელს უმუშევართა რიცხვი ან სტაბილური გახდება ან ოდნავ შემცირდება.
მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო შესაძლოა, რომ 200 მილიონი ადამიანი ღარიბ მუშათა კლას შეურთდეს.
მაგრამ ჯონსონი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ მიღებული მასტიმულირებელი ზომების გამო მსოფლიო უფრო უარეს სოციალურ და ეკონომიკურ კატასტროფას გადაურჩა. მას მიაჩნია, რომ მასტიმულირებელი ზომების მიღებამ ეკონომიკური კრიზისის მიერ გამოწვეული შოკი შეამსუბუქა.
„ეს მასტიმულირებელი ზომები რომ არ ყოფილიყო, უმუშევრობის მაჩვენებელი შესაძლოა 220 მილიონს გადააჭარბებდა. ამდენად, კიდევ ერთხელ აღსანიშანვია ის, რომ ჩვენ გარკვეული შველა განვიცადეთ...და ახლა ეკონომიკური აღორძინების გარკვეული ნიშნები შეინიშნება. ეკონომიკის ზრდა დაიწყო და ეს ძალზედ დადებითი ნიშანია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ეკონომიკური აღორძინება უმუშევრობის ფონზე არ გაგრძელდება,“ დასძენს ჯონსონი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით ეკონომიკური აღორძინება უფრო ძლიერი იქნება აღმოსავლეთ აზიაში ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში.