ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როდის და როგორ დაიხურება გუანტანამოს საპატიმრო?


2009 წლის 22 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა აწ უკვე ავად სახსენებელი, კუბაში მდებარე გუანტანამოს საპატიმროს ერთი წლის განმავლობაში დახურვის განკარგულებას.

მოგეხსენებათ, გუანტანამოს საპატიმრო იმართება შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს დაქვემდებარებული სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მიერ.

გუანტანამოს საპატიმრო განკუთვნილია ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთათვის. შეერთებული შტატების მთავრობა აქ მყოფ პირებს პირობითად „მტერ მებრძოლებს“ უწოდებს და ვინაიდან ეს მებრძოლები, ოფიციალურად არც ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ წარმოადგენენ არ აძლევს მათ საშუალებას ისარგებლონ იურისტთა დახმარებით.

ხსენებული განკარგულების ერთ წლისთავთან დაკავშირებით ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსტეტში ღია საზოგადოების ინსტიტუტის, კონსტიტუციის პროექტისა და ძმები როკფელერების ფონდის თაოსნობით 2010 წლის 22 იანვარს გაიმართა საინტერესო დისკუსია, სახელწოდებით: ერთი წელი და მას მიღმა: როდის და როგორ დაიხურება გუანტანამოს საპატიმრო? სემინარში იმდენად გავლენიანმა და ცნობილმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა, რომ იგი გარდა პირდაპირი საინტერნეტო ეთერისა, აგრეთვე “სი - სპანის”(C-SPAN) მიერ იქნა გაშუქებული, რომელიც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოვლენების ამსახველი, ერთ ერთი ძირითადი წყაროა.

სათაურიდან გამომდინარე სემინარი შეეხებოდა პრეზიდენტ ობამას 2009 წლის განკარგულებას გუანტანამოს ერთი წლის განმავლობაში დახურვის შესახებ, რომელიც არ შესრულდა. დასახელდა რამოდენიმე მიზეზი, ეგრეთ წოდებული „შობის დღესასწაულზე გაუვნებელყოფილი თვითმკვლელი“ - ს, უმარ ფარუკ აბდულ მუთალაბისა და მასაჩუსეთსის შტატში ამასწინანდელი არჩევნების ჩათვლით, სადაც ცნობილი დემოკრატის, სენატორ ტედ კენედის მანდატი რესპუბლიკელმა სკოტ ბრაუნმა მოიპოვა. ყველაფერ ამას დაემატა შეერთებული შტატების სენატის გადაწყვეტილება, მიღებული 90 ხმით 6 -ის წინააღმდეგ არ დააფინანსოს გუანტანამოს პატიმართა გადაყვანა ამ ბანაკის ფარგლებს გარეთ ანდა მათი განთავისუფლება.

სემინარის მომხსენებელთა შორის გამოირჩეოდა ყოფილი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, გადამდგარი პოლკოვნიკი სტივენ აბრაჰამი, რომელმაც ცალსახად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობს გუანტანამოს პატიმრები აარიდოს შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოების იურისდიქციას.

მეორე მომხსენებელმა, მოქმედმა მოსამართლემ ჯონ კოენორმა დეტალურად ილაპარაკა საკუთარ გამოცდილებაზე ტერორისტთა სასამართლო პროცესის გამართვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მან მკაცრად დაგმო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტერორისტთა სასამართლო პროცესის გამართვა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და მათი შემდგომი პატიმრობა სარისკოა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. მან განაცხადა, რომ დღეს დღეობით ასობით ტერორისტი იხდის სასჯელს შეერთებული შტატების სხვადასხვა ციხეებსა თუ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. მან აგრეთვე დასძინა, რომ არანაირ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი მთელი ამ ხნის განმავლობაში.

გარდა ამისა მოსამართლე კოენორმა ვრცლად ისაუბრა ამერიკულ ღირებულებებზე და განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება, აღმასრულებელი ხელისუფლების ჩათვლით თვითნებურად გადაწყვიტოს არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი სახიფათო, დაატყვევოს ეს ადამიანი შუა ქუჩაში, ეგრეთ წოდებული ტერორიზმთან ომის დროსაც კი და რომ ეს ყველაფერი სასტიკად ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს.

ამის შემდეგ საუბარი გაგრძელდა იმის შესახებ თუ რა სიმბოლური ხასიათი შეიძლება ჰქონდეს გუანტანამოს საპატიმროს დახურვას. ამასთან დაგავშირებით სტივენ აბრაჰამმა პარალელი გაავლო 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღებასთან და ეს ყოველივე დაუკავშირა დღევანდელ მსოფლიოში ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ არსებულ განწყობას. ფაქტიურად, განაცხადა მან, გუანტანამოს საპყრობილეს დახურვით, დასრულდება ერთ ერთი სიმბოლო შეერთებული შტატების სიძულვილისა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ლაპარაკი იმაზე ღირს თუ არა ამ ადამიანთა პატიმრობაში ყოფნა.

კონსტიტუციურ უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, იურისტი შეინ კადიდალი, კი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ არაკანონიერად იქნა ესა თუ ის ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანი დაკავებული აბსოლუტურად გამართლებულია მისი სასამართლოსათვის გადაცემა და გასამართლება, რამეთუ არსებული კანონმდებლობის მიხედვით არაკანონიერი დაპატიმრება არ ზღუდავს ამ ადამიანის კანონიერ გასამართლებას.

ასევე ხსენებულ სემინარზე საუბრისას ძნელია გვერდი აუარო თერთმეტი სექტემბრის ოჯახთა კავშირის წარმომადგენლის, ტალატ ჰამდალის გამოსვლას. მისი შვილი თერთმეტი სექტემბრის ტრაგედიას ემსხვერპლა, ხოლო ეს ქალბატონი კი დღესაც იბრძვის იმ ადამიანთა უფლებების დასაცავად ვინც ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინა. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უცხოეთში თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის დამცველად გვევლინება, ხოლო საკუთარ ქვეყანაში კი ეწინააღმდეგება იგივე ღირებულებების განმტკიცებას, და სწორედ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემაო.

სიუჟეტს კი დავასრულებთ ისევ და ისევ მოსამართლე კოენორის სიტყვებით, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლებელია ესა თუ ის ნამდვილი ტერორისტი ჩვენთვის მიუწვდომელი დარჩეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი კონსტიტუცია არ გვაძლევს ამა თუ იმ უფლებებს და დაე ეს იყოს ფასი იმისა თუ რა იდეალებსა და ღირებულებებსაც ვქადაგებთო. ამას კი დარბაზში ნამდვილი ოვაცია მოჰყვა.


XS
SM
MD
LG