საერთაშორისო სამაშველო
სააგენტოების ცნობით ჰაიტიში მიწისძვრისგან დაზარალებულებისთვის დახმარების გამოყოფასთან
დაკავშირებული ოპერაციები თანდათან ფართოვდება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამაშველო
სააგენტოებს დახმარების მიწოდება ძალზედ რთულ პირობებში უხდებათ და ამდენად სასიცოცხლო
მოთხოვნების დაკმაყოფილებას დრო სჭირდება.
გაერო იუწყება, რომ ჰაიტის აეროპორტმა მუშაობა დაიწყო, მაგრამ შენობა გავსებულია ხალხით და მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების დროული განაწილებისთვის აუცილებელია მოქმედებების უფრო ეფექტური კოორიდინირება.
მოძრაობის აღდგენის მიზნით ამჟამად აეროპორტიდან ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მიმავალი მთავარი გზატკეცილების ნანგრევებისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ჟენევაში მდებარე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა ჩარლზ ვინსენტმა აღნიშნა, რომ ჰაიტის მოსახლეობის უმეტესობას რამდენიმე დღის მანძილზე საკვები არ მიუღია. ოთხშაბათს ჰუმანიტარული დახმარება აეროპორტის მახლობლად მდებარე დასახლება ჟაკმელში დაახლოებით სამ ათას ჰაიტელს დაურიგდა.ჩარლზ ვინსენტის თქმით, მსოფლიო სასურსათო პროგრამა პორტ-ო-პრენსში სასურსათო დახმარების განაწილებას დაიწყებს, რომელიც თავდაპირველად 2,400 გადარჩენილი ჰაიტელის დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით ვინსენტი აღნიშნავს:
„ სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან შედარებით, ეს რასაკვირველია ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს სამაშველო სამუშაოების დასაწყისია და ჩვენ პორტ-ო-პრენსში არსებული მარაგის სწრაფ განაწილებას ვაპირებთ. ამას, აუცილებლობის შემთხვევაში, დაემატება ქალაქ გონაივეში განლაგებული მარაგი. სურსათის განაწილების დაჩქარების მიზნით ჩვენ პარტნიორებს ვეძებთ. რასაკვირველია ყველა სამაშველო სააგენტოს ფუნქციონირება მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად შეფერხებულია. მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება.“გაეროს ცნობით გაეროს ასზე მეტი თანამშრომელი დაკარგულად ითვლება. მათ შორის ბევრი დაღუპულია. გაერო იტყობინება, რომ პორტ-ო-პრენსში გაეროს წარმომადგენლობის შენობის ნანგრევებში მოყოლილია ორმოცდაათიდან ასამდე გაეროს თანამშრომელი. ამას გარდა, სამაშველო სააგენტოების ცნობით, მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ბედი ეწია მათ ჰაიტელ თანამშრომლებს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამაშველო სააგენტოების ინფორმაციით, სურსათისა და სასმელი წყლის განაწილება, სანიტარული პირობების უზრუნველყოფა, სასწრაფო თავშესაფრების შექმნა, სამედიცინო დახმარების გაწევა და მედიკამენტების გავრცელება უშუალო პრიორიტებებს წარმოადგენს.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, რომ ჰაიტიში რვა საავადმყოფო დაინგრა, ხოლო მეზობელ დომინიკურ რესპუბლიკაში მდებარე ორი საავადმყოფო მნიშვნელოვნად დაზიანდა.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა პოლ გარვუდმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურის არ არსებობა გადარჩენილებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის აღმოჩენას საგრძნობლად ართულებს. მისი თქმით: „ჩვენ ვგრძნობთ, რომ მიწისძვრის შედეგი კიდევ უფრო თავზარდამცემი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში, ვინაიდან ჰაიტელები ისედაც უაღრეს გაჭირვებას განიცდიდნენ. ზოგიერთ დაწესებულებაში მიწისძვრის შემდეგ პირველი 24-36 საათის განმავლობაში ექვსასზე მეტი პაციენტის მიღება, მკურნალობა და გაშვება მოხერხდა. რასაკვირველია მოსახლეობაში ხშირია ტრავმებით გამოწვეული სხეულის დაზიანება, ისევე როგორც რთული მოტეხილობები, და შიდა დაზიანებები, რაც განსაკუთრებით ხშირია იმ შემთხვევებში როდესაც ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.“გარვუდი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია გადამდები დაავადებების თავიდან აცილება. მისი თქმით, კატასტროფის პირობებში ძალზედ მაღალია იმის რისკი, რომ მოსახლეობაში სასუნთქი ინფექციები და კუჭნაწლავის დაავადებები გავრცელდება.