ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატიაში პრეზიდენტად სოც.დემოკრატი  აირჩიეს


არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით ოპოზიციური სოციალ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე და ბოლო რაუნდში გაიმარჯვა. ივო იოსიპოვიჩი პოპულარულ სტიპე მესიჩს შეცვლის, რომელმაც კანონმდებლობით დაშვებული ორი საპრეზიდენტო ვადა შეასრულა. სოციალ დემოკრატიული პარტიის წევრები და მომხრეები ზეიმობენ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ივო იოსიპოვიჩმა გაიმარჯვა. ხორვატიის საარჩევნო კომისიის ცნობით კვირას ჩატარებულ არჩევნებში იოსიპოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 60 პროცენტი მოიპოვა. ამომრჩევლებმა მოიწონეს მისი კორუფციასთან ბრძოლის დაპირება და მისი ინიციატივები, რომლებიც სასამართლოებში, პოლიციასა და პოლიტიკაში საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისკენ არის გამიზნული. ბატონმა იოსიპოვიჩმა აღფრთოვანებულ მხარდამჭერებს მოახსენა, რომ არჩევნებში ყველა ხორვატმა გაიმარჯვა რადგან მას მიაჩნია, რომ ყველას „უფრო უკეთესი და სამართლიანი ხორვატია“ სურს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ხორვატებს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სურთ სადაც „მუშაობა ფასდება ხოლო კორუფცია შემცირებულია.“ არჩევნებში მონაწილე დამკვირებლების განცხადებით, იოსოპოვიჩის მთავარმა მეტოქემ, ზაგრების მერმა, მილან ბანდიჩმა ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტი მოიპოვა. ბანდიჩის შესახებ ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ის თითქოსდა ხორვატიის დედაქალაქში კორუფციაში მონაწილეობდა. ამ ბრალდებებს ბანდიჩი უარყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური დანაშაულის აღმოფხვრა ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ახლადარჩეული იოსიპოვიჩი იმედოვნებს, რომ მისი უკომპრომისო პოზიცია დანაშაულთან მიმართებაში, მომდევნო სამი წლის მანძილზე ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლებელს გახდის. ზოგიერთ ევროპელ დიპლომატს მიაჩნია, რომ იოსიპოვიჩი წარმატებულად გაუძღვება ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

XS
SM
MD
LG