სამხრეთ ეგვიპტეში
მყოფი ქრისტიანები მუსლიმებს ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებენ. დაძაბულობამ რელიგიურ
საფუძველზე იმატა მას შემდეგ რაც გასული კვირის ოთხშაბათს კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა
მოხდა რის შედეგადაც დაიღუპა ექვსი ქრისტიანი და ერთი მუსლიმი პოლიციელი.
შაბათს სოფელ ბაჰჯორაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა განაცხადეს, რომ ღამის მანძილზე მუსლიმებმა მათ სახლებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს. სოფელი ბაჰჯორა ქალაქ ნაგ ჰამადისთან ახლოს მდებარეობს. თავდასხმა კოპტურ ეკლესიაზე სწორედ ამ ქალაქში მოხდა, როცა კოპტი ქრისტიანები შობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ ტაძარს ტოვებდნენ.
გასულ პარასკევს ეგვიპტის პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ეკლესიაზე თავდასხმის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით სამივე ადრე ნასამართლევია.
ოფიციალური პირების ცნობით, კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა შურისძიების ნიადაგზე მოხდა რადგან ნოემბერში ახლომდებარე სოფელში კოპტმა მამაკაცმა თითქოსდა მუსლიმი გოგონა გაუპატიურა.