მაიკლ შუერი, რომელიც ერთ დროს ოსამა ბინ ლადენზე ნადირობის ოპერაციას ხელმძღვანელობდა აცხადებს, რომ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შვიდი თანამშრომლისა და იორდანიელი აგენტის დაღუპვა დიდ ტრაგედიას წარმოადგენს. ეს თავდასხმა აგრეთვე ააშკარავებს იმასაც თუ რა დახვეწილ სადაზვერვო სისტემას ფლობს ალ-ყაიდა:
„მე არ მსურს, რომ გულქვა გეგონოთ, მაგრამ ეს ძალზე კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო. ალ-ყაიდამ შენიღბვის საუკეთესო მაგალითი წარმოაჩინა. ეს ყველაზე დახვეწილი ოპერაციაა მათ შორის რაც კი მე ბოლო დროს მინახავს“. ამბობს შუერი.
სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, რომ იორდანიის დაზვერვის ოფიცერმა ორმაგი აგენტი ჰუმამ ხალილ აბუ მულალ ალ ბალავი ავღანეთის ქალაქ ხოსტში მდებარეცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ბაზაში მოქმედ ოფიცრებთან შესახვედრად წაიყვანა. ითვლებოდა, რომ ალ-ბალავიმ ზურგი შეაქცია ალ ყაიდას და მისი მტრების მხარეს გადავიდა. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე რომ არ იყო ალ ბალავიმ აფეთქების მოწყობით გამოავლინა:
„ჩვეულებრივ, ასეთ შეხვედრას მხოლოდ ის ოფიცერი ესწრება, რომელიც უშუალოდ აგენტს ხელმძღვანელობს. ზოგჯერ შეხვედრას ამა თუ იმ საკითხის ექსპერტიცშეიძლება დაესწროს. მაგრამ ერთდროულად ამდენი ოფიცრის შეხვედრა აგენტთან საკამაოდ არასტანდარტულია“. ამბობს სააგენტოს თანამშრომელი ჯერი ბერნსტინი, რომელიც ავღანეთში მიმდინარე ზოგ ოპერაციას ხელმძღვანელობს.
ბარტონ გერბერიუკვე 39 წელია, რაც სააგენტოში მუშაობს. მისი თქმით, ძალზე დიდი შეცდობმა იყო ამდენი აგენტის ისეთ პიროვნებასთან შეხვედრა, რომელსაც სააგენტოს არც ერთი წევრი არ იცნობდა:
„ასეთი შეხვედრის გამართლება შეუძლებელია. მე იმას ვგულისხმობ, რომ ამ დროს იმის გარდა, რომ რაიმე ტრაგიკული შემთხვევა შეიძლება მოხდეს, არ არის მიზანშეწონილი ამდენი თანამშრომლის ვინაობის ერთდროულად გამხელა. როდესაც პირველად ვხვდები ვინმეს, მე არასდროს მიმყავს ასეთ შეხვედრაზე მთელი ჩემი გუნდი იმიტომ, რომ მათი ვინაობის გამხელა არ მსურს. თუმცა მე სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ გამაჩნია და ამიტომაც მიძნელდება იმის მიხვედრა თუ რატომ მოიქცნენ ასე“. ამბობს გერბერი.
ბერნსტინი თვლის, რომ ამერიკელები ორმაგი აგენტის სატყუარას წამოეგნენ. ამ სატყუარას კი ბინ ლადენის მარჯვენა ხელის აიმან ალ-ზავაჰირის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენდა: „თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ არც არის გასაკვირი, რომ ამ ინფორმაციის მოსმენა ბევრს სურდა. მათ ზავაჰირის შეპყრობის იმედი მიეცათ. სამწუხაროდ იმ ფაქტმა, რომ ორმაგი აგენტი სათანადოდ არ გაჩხრიკეს და იმან, რომ მისი ნამდვილი ზრახვები ვერ ამოიცნეს სავალალო შედეგი გამოიღო“. ამბობს იგი.
იორდანიის დაზვერვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამერიკელებს სწორედ მათ მიაწოდეს ის ინფორმაცია, რომლის დახმარებითაც 2006 წელს ერაყში მოქმედი ალ ყაიდას რგოლის თავკაცის, ასევე იორდანიელი აბუ მუსაბ ალ ზარკავის განადგურება შესძლეს. ორმაგი ან სამმაგი აგენტის გაძღოლა საკმაოდ რთული რამაა, მაგრამ როგორც გამოცდილი ამერიკელი მზვერავები ამბობენ:- ალ-ყაიდა მშვენივრად უძღვება ამ საქმეს:
„ალ ყაიდაში საკმაოდ ჰყავთ ისეთი პირები, რომლებიც ადრე ეგვიპტის და სხვა ქვეყნების დაზვერვაში მუშაობდნენ. მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ალ -ყაიდას. ორგანიზაციამ გამოცდილება მიიღო და სამმაგი აგენტის შემოგზავნაც შესძლო. თანაც ტერორისტებმა დიდი მოთმინება გამოავლინეს“. ამბობს ჯერი ბერნსტინი.
ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ტერაქტის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მომხდარის ზედმიწევნით გამოძიების პროცესი უკვე დაწყებულია. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი