ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეკონიმიკაში გამოცოცხლების ნიშნები შეინიშნება


სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შეერთებული შტატების ეკონომიკაში გამოცოცხლების ნიშნები შეინიშნება რაც ინფლაციის ზომიერ დონეში გამოიხატება. ეს კი ამერიკის ცენტრალურ ბანკს დაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნების უფლებას მისცემს.

ეკონომისტებს, როგორც წესი, აღელვებთ ფასების ზრდა, რადგან ის ხშირად იწვევს ინფლაციურ ზეწოლას ან ამერიკის სავაჭრო დეფიციტის ზრდას, რაც იმის მანიშნებელია, რომ შეერთებული შტატების ექსპორტის მოცულობა ჩამორჩება იმპორტს. მაგრამ ის რაც სხვაგვარად შეშფოთებას იწვევს, ამჟამად უფრო დადებითად აღიქმება რადგან შეერთებული შტატები თანდათან ღრმა და მტკივნეული რეცესიიდან გამოსვლას იწყებს.

ერთი წლის წინ ეკონომისტებს აღელვებდა ის, რომ რეცესიას შეეძლო გამოეწვია დამანგრეველი დეფლაციის ციკლი, რომელშიც ამერიკული დოლარის მყიდველუნარიანობა დროის გამნავლობაში გაიზრდებოდა. ხოლო ამ ტენდენციის გამო მომხმარებლები გადადებდნენ საყიდლების გაკეთებას, რაც ეკონომიკურ საქმიანობას კიდევ უფრო შეანელებდა და ქვევითკენა ზეწოლას მოახდენდა საქონლის ფასებზე და შედეგად ციკლი განმეორდებოდა.

ამდენდად შეერთებული შტატების სამომხმარებლო ფასების ინდექსი ფინანსურ ანალიტიკოსებს არ აღელვებს ვინაიდან ფასების დონე შედარებით სტაბილურია თუ გამოვრიცხავთ ენერგომატარებლებისა და საკვების არასტაბილურ კატეგორიებს.

ბეთ ან ბოვინო კომპანია „სტანდარდ ენდ პურის" უფროსი ეკონომისტია. მისი თქმით:

„ენერგეტიკა რასაკვირველია ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამდენად სამომხმარებლო ფასების ინდექსი ნოემბერში 0.4 პროცენტით გაიზარდა და ეგრედწოდებული ძირითადი ფასის მაჩვენებელი, რომელსაც უმეტესობა აკვირდება და რომელშიც არ შედის სურსათი და ენერგომატარებლები, შედარებით სტაბილური იყო."

მართალია შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტის ზრდა დადებითი ფაქტორი როდია, ანალიტიკოსების თქმით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამ მაჩვენებლის ზრდა 115 მილიარდი დოლარიდან 132 მილიარდ დოლარამდე იმის მაჩვენებელია, რომ ამერიკელი მომხმარებლები ხარჯების გაღებას იწყებენ ისევ. უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკური საქმიანობის ორ მესამედზე მეტი მოდის სწორედ სამომხმარებლო დანახარჯებზე და მას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ აღორძინებაში.

ამასობაში ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით ახალი სახლების მშენებლობა ნოემბერში 8.9 პროცენტით გაიზარდა. საცხოვრებელი სახლების მშენებლების ეროვნული ასოციაციის ეკონომისტის დეივიდ კროუს თქმით:

„ის რომ მშენებლები იწყებენ სამშენებლო ნებართვების შეგროვებას სამომავლო პროექტებისთვის გარკვეულ იმედს იძლევა, რომ მომავალ წელს მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ამისთვის მომხმარებლებს უნდა დაუბრუნდეს ნდობა ხოლო მშენებლებს უნდა შეეძლოთ სესხების აღება სახლების აშენების მიზნით. ეს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი კი ამჟამად საკმაოდ მყიფე მდგომარეობაშია."

ამ კვირას შეერთებული შტატების მთავრობის ყურადღების ცენტრში იყო მცირე კომერციული წამოწყებებისთვის სესხების გაცემის გაადვილება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ბარაკ ობამა სწორედ ამ მიზნით შეხვდა ამერიკული ბანკების ხელმძღვანელებს.


XS
SM
MD
LG