ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა აფხაზეთის და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო ნაურუ დაგმო


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ სახელმწიფო ნაურუს მიერ აფხაზეთის და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. კუნძული სულ რაღაც თხუთმეტ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ნაურუს მოსახლეობა კი თერთმეტ ათას კაცს შეადგენს. კუნძული, რომელიც მთავარ შემოსავალს, ფრინველის ფოსფატებით მდიდარი ფეკალიებით ვაჭრობიდან ღებულობს,ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რუსეთის მიერ ნაურუსთვის ეკონომიკური დახმარების გაწევის პირობის მიცემამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, აქამდე მოსკოვის ზეწოლით, აფხაზეთი და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს. გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული პრეს-კონფერენციის მსვლელობისას, დეპარტამენტის პრეს-მდივანმა იან კელიმ განაცხადა, რომ ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა არ ენიჭება:

„ჩვენი შეხედულებით, ნაურუს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ხელს ვერ უწყობს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ლეგიტიმიზაციას. ჩვენ ისევე, როგორც მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რაც იმას მოიაზრებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყრელ ნაწილებს წარმოადგენს“. აღნიშნა ბატონმა კელიმ.

მან მსოფლიოს ქვეყნებს გაეროს რეზოლუციებზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.მისი თქმით, რუსეთი და საქართველო 2008 წელს საფრანგეთის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უნდა დაემორჩილონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მიესალმა ნაურუს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ კუნძულ-სახლემწიფოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი სეპარატისტურ რეგიონებსა და მთლიანად კავკასიის სტაბილურობას უწყობს ხელს. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი სინანული გამოხატა აფხაზეთში უკანონო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისშიაფხაზი სეპარატისტების მიერ ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას ისევ სერგეი ბაღაფშმა მიაღწია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა იან კელიმ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აფხაზეთის არჩევნები უკანონოდაა ჩათვლილი.


XS
SM
MD
LG