ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ავღანეთისა და ერაყის პრობლემის მოგვარება იქნება


პრეზიდენტი ობამა მთელი 2009 წლის განმავლობაში ქვეყნის სავალალო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული მისეული გეგმის რეკლამირებას ცდილობდა. „როტენბერგის პოლიტიკური უწყების" რედაქტორი ნათან გონსალესი თვლის, რომ ობამა მომავალ წელსაც გააგრძელებს ასეთ ქმედებას:

„პრეზიდენტისთვის და დემოკრატებისთვის ყველაზე ცუდი ის იქნება თუ ეკონომიკის გაუარესება არ შეწყდება. ამაში სწორედ მათ დასდებენ ბრალს. ხოლო ამ შემთხვევაში კი 2010 წლის საკონგრესო არჩევნებში დემოკრატებმა კატასტროფული მარცხი შეიძლება განიცადონ". ამბობს გონსალესი.

ეკონომიკის მდგომარეობის ამსახველი უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, ამერიკის ეკონომიკა გაუმჯობესების გზად დაადგა, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელმა ბოლო ოცდაექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია:

„თანაც ხალხს დამატებით ობამას მიერ შემოღებული მაღალი გადასახადების გადახდა მოუწევს. მთავრობა ბევრად მეტს ხარჯავს და ჩვენს ეკონომიკაში, საბანკო სისტემაში, ავტოინდუსტრიაში, ჯანდაცვასა და ენერგეტიკაში უპრეცენდენტო ინტერვენციას ახდენს, რაც ხელს უშლის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას". ამბობს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ედ გილესპი. სინამდვილეში ობამას გადასახადები არ გაუზრდია და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ მან სამუშაო ადგილების გაუქმების პროცესის შენელებასაც შეუწყო ხელი:

„პრეზიდენტი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ეცადა. ეკონომიკური აღორძინებისადმი მიძღვნილი მისეული გეგმა რომ არა, ქვეყნის ეკონომიკა ბევრად უარეს მდგომარეობასი იქნებოდა". აცხადებს პრეზიდენტის მხარდამჭერი ერთ ერთი ორგანიზაციის თანადირექტორი რობერტ ბოროსეიჯი.

მომავალ წელს ობამას ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ავღანეთისა და ერაყის პრობლემის მოგვარება იქნება:

„პრეზიდენტმა ობამამ ხალხს უნდა აჩვენოს ის, რომ ერაყსა და ავღანეთთან მიმართებაში ჩამოყალიბებული გეგმა არსებობს და რომ ეს გეგმა სრულდება და მისი მეშვეობით წარმატებას ვაღწევთ". გვეუბნება ნათან გონსალესი.

ასევე მოსაგვარებელია იმიგრაციის, კლიმატის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და სუფთა ენერგიის გამომუშავების საკითხებიც:

„2010 წელს წინააღმდეგობრივი კანონების მიღება უფრო რთული იქნება, ვინაიდან მომავალ წელს კონგრესში და სენატში არჩევნები ტარდება". ამბობს გონსალესი.„ვერც ერთი ჩვენგანი ვერ განჭვრეტს იმას თუ რას გვიქადის მომავალი წელი. ობამასეულმა რეფორმებმა მომავალში შეიძლება რაიმე შედეგი გამოიღოს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ჯერ-ჯერობით არ ხდება" გვეუბნება რობერტ ბოროსეიჯი.

ბევრი ანალიტიკოსი კი თვლის, რომ მომავალი წლის ნოემბრის საკონგრესო არჩევნები და ობამას ბედი მის შეუპოვრებაზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG