ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის მთავრობა საქართველოში დარეგისტრირებული თვითმფრინავის ეკიპაჟს ადანაშაულებს


ტაილანდის მთავრობა საქართველოში დარეგისტრირებული თვითმფრინავის ეკიპაჟს ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღის გადაზიდვაში ადანაშაულებს .

დღეს ტაილანდის მთავრობამ ხუთი პირი შეიარაღების უკანონო გადაზიდვაში დაადანაშაულა . ეჭვმიტანილები ბანგკოკში გასულ კვირას დააკავეს. ისინი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები არიან. ტაილანდის სამართალდამცავებმა თვითმფრინავში ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა აღმოაჩინეს.

ტაილანდის სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მაშინ, როცა თვითმფრინავი საწვავი მასალის შევსების მიზნით პარასკევს ბანგკოკის დონ მუეანგის აეროპორტში დაეშვა.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში, ტაილანდის პრემიერ მინისტრმა აბისით ვეჯაჯივამ აღნიშნა, რომ ჯერ ჯერობით უცნობია, თუ რა მიმართულებით მიფრინავდა ეკიპაში, რომელიც ოთხი ყაზახეთის და ერთი ბელარუსის მოქალაქისგან შედგება. როგორც ირკვევა, თვითმფრინავი საწვავის შევსების მიზნით შრი ლანკაში და არა ტაილანში უნდა დაშვებულიყო . პრემიერ მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თვითმფრინავი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანიდან გამოფრინდა, საქართველოშია რეგისტირებული.

პოლიციის ოფიციალური პირების ცნობით, თვითმფრინავს ჩრდილოეთ კორეის წარმოების ყუმბარმტყორცნები, ჭურვები, რაკეტები და სხვა მძიმე შეიარაღება გადაჰქონდა, რომლის მთლიანი წონა 35 ტონას უდრიდა.

დაკავებული პირები უარყოფენ ბრალდებას და ამტკიცებენ, რომ არ იცოდნენ, რომ მათ საქართველოში დარეგისტრირებულ თვითმფრინავს იარაღი გადაჰქონდა. ორშაბათს დაკავებულები სასამართლოში გამოცხადდებიან .

ტაილანდის წყაროების მიხედვით, ინფორმაცია თვითმფრინავის შესახებ ტაილანდის მთავრობას შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა, თუმცა ვაშინგტონი ჯერჯერობით ამ ცნობას არ ადასტურებს.


XS
SM
MD
LG