ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის ევროპის უსაფრთხოების ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის ანალიზი


29 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა ევროპის უსაფრთხოების ჩარჩო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროპის უსაფრთხოების არქიტეკტურის რადიკალურ გარდაქმნას. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს რუსეთში ჯეიმს კოლინზს, რომელიც ამჟამად კარნეგის ფონდში რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორია.

კითხვაზე თუ რა აზრი აქვს მას პრეზიდენტი მედვედევის მიერ შემოთავაზებულ ევროპის უსაფრთხოების ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, ბატონმა კოლინზმა აღნიშნა:

„ჩემში ამ დოკუმენტმა ორი რეაქცია გამოიწვია. პირველი პოზიტიურია რადგან მე ვფიქრობ, რომ იმედის მომცემია ის, რომ რუსეთის მთავრობამ და რუსმა ლიდერებმა გარკვევით დააფიქსირეს საკუთარი იდეები ევროპული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტს ბევრი ელოდა როგორც ევროპაში ისე შეერთებულ შტატებში მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მედვედევმა ბერლინში წელიწადზე მეტი ხნის წინ პირველად ახსენა ის, რომ რუსეთი დაინტერესებულია მოლაპარაკებების წარმართვით ახალი ხელშეკრულების ან შეთანხმების გაფორმების მიზნით, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს ევროპული უსაფრთხოების საკითხს. ამგვარად თითქმის ყველა მიესალმება ამ ზოგადი იდეის დაკონკრეტებასა და დეტალების გამოაშკარავებას, მაგრამ უმეტესობისთვის როგორც შეერთებულ შტატებში ისე ევროპაში ეს დოკუმენტი უფრო შემოთავაზებას წარმოადგენს. მე დარწმუნებული ვარ რომ ევროპული უსაფრთხოების სამომავლო შეთანხმების შესახებ რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებში მონაწილე პარტნიორებისთვის ეს დოკუმენტი დღევანდელ ფორმატში მიუღებელია. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მაინც საწყისი დოკუმენტია და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ მასში ასახულია რუსეთის მთავრობის პრიორიტეტები და ის, თუ რა უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებების მთავარ საკითხებს. ამიტომ მე მივესალმები ამ დოკუმენტს რადგან მას გარკვეული წვლილი შეაქვს დისკუსიებში ევროპის უსაფრთხოების შესახებ. რასაკვირველია სხვადასხვა მხრიდან გაისმის ამ დოკუმენტის კრიტიკა და ცხადია, რომ ეს დოკუმენტი შემდგომი მოლაპარაკების საგანი იქნება.“

გასულ შაბათს, 5 დეკემბერს, ვადა გაუვიდა ამერიკა-რუსეთის ხელშეკრულებას სტრატეგიულ შიარაღებთა შემცირების შესახებ. კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა იგი დღემდე მიღწეულ პროგრესს ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებაში სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებათა შემცირების სფეროში ბატონმა კოლინზმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„ოფიციალურ პირებთან საუბრისა და პრესის მიმოხილვის საფუძველზე მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები დაიწყო რამოდენიმე თვის წინ. უნდა გავიხსენოთ, ისიც რომ პრეზიდენტმა მედვედევმა და პრეზიდენტმა ობამამ მრავალჯერ გამოხატეს მხარდაჭერა სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ხელშეკრულების განახლების თაობაზე. მათ სურთ, რომ მოლაპარაკება ხელშეკრულების განახლების შესახებ დასრულდეს მაქსიმალურად სწრაფად. ორივე პრეზიდენტს ახალი ხელშეკრულება ესახება ბირთვული ქობანებისა და მათი მიწოდების საშუალებების რიცხვის შემცირებისა, შემოწმებისა და ინსპექციების ეფექტური რეჟიმის მექანიზმად ესახებათ. მოლაპარაკებებში მონაწილე ოფიციალური პირები დაუღალავად მუშაობენ სწორედ ამ მიზნების მისაღწევად. რასაკვირველია ძალიან სამწუხაროა რომ მათ ვერ მოასწრეს ახალი შეთანხმების შემუშავება ვიდრე ძველს გაუვიდა ვადა 5 დეკემბერს, მაგრამ მთავარი მოსამზადებელი სამუშაოები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით წლის ბოლომდე შეთანხმება მზად იქნება.“

ინტერვიუს ბოლოს ქართულმა რედაქციამ ბატონ კოლინზს სთხოვა კომენტარი საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის მისტალის ტიპის ავიამზიდის მიყიდვის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ბატონმა კოლინზმა დასძინა:

„უპირველეს ყოვლისა მე მიმაჩნია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ისევე როგორც ევროპა და რუსეთი ერთამანეთს მტრებად აღარ აღიქვამენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ როცა ვსაუბრობთ ამგვარ გარიგებებზე. რუსებს გააჩნიათ შავი ზღვის ფლოტი და მე არა ვარ ექსპერტი რომ დავასკვნა თუ რას მოიგებს რუსეთი ამ ავიამზიდის შესყიდვით, მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვათ, ამა თუ იმ ხომალდის მოპოვება მთლიანობაში ვერ შეცვლის რეგიონში არსებულ სამხედრო ბალანსს. ამდენად მე ეს გარიგება ნაკლებად მადარდებს. მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ფრანგები არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მათი ან ევროპული თანამეგობრობის ინტერესების საზიანო იქნება, და მე ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ზედმიწევნით შეისწავლეს ეს საკითხი.“



XS
SM
MD
LG