ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლისაბონის ხელშეკრულება


ლისაბონის ხელშეკრულება, რომელიც ევროპის კონსტიტუციის წარუმატებლობის შედეგად დაიბადა, ოფიციალურად, ძალაში ამ წლის 1-ლ დეკემბერს შევიდა. ტექსტის მთავარი სიახლეა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ევროპის პრეწიდენტის პოსტის შექმნა.

ევროპის ახალი სახე, ბელგიის პრემიერ-მინისტრი, 62 წლის ჰერმან ვან რომპოი ამ პოსტზე ევროკავშირის საბჭოს ბოლო სხდომაზე აირჩიეს. ევროკავშირის საბჭო ეს ის ორგანოა სადაც ევროპის ქვეყნებისა და მთავრობათა ლიდერები იყრიან თავს. ბ-ნი ვან რომპოი ევროპას 1-ლი დეკემბრიდან ორწელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ლისაბონის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ევროპის საგარეო საქმეთა უმაღსელი წარმომადგენლის თანამდებობას რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა იმავე დღეს ბრიტანელი პოლიტიკოსი, 53 წლის კატრინ აშტონი 5 წლის ვადით აირჩიეს.

აქამდე, ევროკავშირის პრეზიდენტობა ყოველ ექვს თვეში ერთი ქვეყნიდან მეორეს გადაეცემოდა.

ბრიტანელმა კატრინ აშტონმა ესპანელი ხავიერ სოლანა შეცვალა რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპულ დიპლომატიას. მისგან განსხვავებით, ევროპის ახალ საგარეო საქმეთა უმაღლეს წარმომადგენელს სპეციალურად შექმნილი დიპლომატიური სამსახური და გაძლიერებული პრეპოგატივები მიენიჭება.

ფლამანდიელი ქრისტიან-დემოკრატი ჰერმან ვან რომპოი ისევე როგორც ბრიტანელი ლეიბორისტი კატრინ აშტონი ევროპული საზოგადოებისათვის სრულიად ახალი, უცნობი სახეებია. მათ ნომინაციას ევროპაში კრიტიკის დიდმა ტალღამ გადაუარა. პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა არჩევანი უარყოფითად შეაფასა. ბ-ნი ვან რომპოი და ქ-ნი აშტონი დიდი ქარიზმატული ნიჭით არ გამოირჩევიან, ამიტომაც მათ საზოგადოება დიდად არ იცნობს.

ევროკავშირის სბჭოს ახალ პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის ოპონენტები „უჩინარი მმართველის" სტატუსს უწინასწარმეტყველებენ. ზოგიერთი პოლიტიკოსი თვლის რომ იგი ვერ შეძლებს თვალი გაუსწოროს ისეთ დიდ სახელმწიფოებს როგორებიცაა აშშ და ჩინეთი. რაც შეეხება კატრინ აშტონს, მას გამოუცდელობაში ადანაშაულებენ ვინაიდან იგი პროფესიით ეკონომისტია და დიპლომატიაში დიდი გამოცდილებით არ გამოირჩევა.

გააკეთა თუ არა ევროპამ სწორი არჩევანი ? ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერმენ მარშალის ფონდის ექსპერტს ბ-ნ ფრანსუა ლაფონს გავესაუბრეთ. მან ევროპის ლიდერების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა :

„ყველაზე სასიხარულო არის ის ფაქტი რომ ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ საერთო ენა დროულად გამონახა. მათ ორსაათიანი დისკუსიის შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს იმის შესახებ თუ ვინ დაიკავებდა ახლად ჩამოყალიბებული ევროპული მოდელის ამ ორ მნიშვნელოვან პოსტს". „ევროკავშირის საბჭოს ახალი თავმჯდომარე არის იმ პატარა ქვეყნიდან რომელსაც ბელგია ჰქვია. ეს ქვეყანა გაყოფილი იყო მის მოსვლამდე, მან კი ერთ წელიწადში მოახერხა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის საერთო ენა გამოენახა. ეს ძალიან მნიშვნემოვანია. ეს ადამიანი არის მოხერხებული და იცის კონსენსუსის გამოძებნა იმ შემთხვევაშიც კი როცა პოზიციები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ რომ ასეთი დიპლომატი ევროკავშირს ახლა განსაკუთრებით სჭირდება" - აღნიშნა ბ-მა ლაფონმა.

რაც შეეხება ქალბატონ აშტონს, ექსპერტის აზრით, მისი მოსვლით ბრიტანეთი კიდევ უფრო მეტად ჩაებმება ევროკავშირის ცხოვრებაში რასაც იგი ბოლო დრომდე კრიტიკული თვალით უყურებს. „ ის ფაქტი რომ ბრიტანელი ამიერიდან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობას განაგებს, მხოლოდ დადებითად შეიძლება შევაფასოთ" - აღნიშნა მან.

ბელგიელი ქრისტიქნ-დემოკრატისა და ბრიტანელი ლეიბორისტის მოსვლა ევროპის წამყვან პოსტებზე შეესაბამება პოლიტიკური წონასწორობის პრინციპს : მათ შორის ერთი მემარჯვენე ფრთის პოლიტიკოსია, მეორე კი მემარცხენე. ისევე როგორც, ერთი მათგანი პატარა სახელმწიფიდან არის, მეორე - დიდი და ძლიერი ქვეყნიდან.

ლისაბონის ხელშეკრულების ტექსტი მიზნად ისახავს გააადვილოს გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის დონეზე, რაც მისი წევრი ქვეყნების სიმრავლესთან ერთად დროთაგანმავლობაში უფროდაუფრო ძნელდებოდა. მითუმეტეს რომ მასში გაერთიანებას მომავალში ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები და ისლანდიაც ელოდებიან. ამ მიზნით, ახალი ხელშეკრულება ვეტოს უფლების შემცირებას ითვალისწინებს, სამაგიეროდ გაზრდის ევროპარლამენტისა და ეროვნული პარლამენტების უფლებებს. სხვა სიახლეებთან ერთად იგი ევროპელ მოქალაქეებს სახალხო ინიციატივის უფლებასაც ანიჭებს. ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის დატოვების უფლებას აძლევს ყველა იმ ნებისმიერ ქვეყანას რომელიც ამას მოისურვებს.

ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა დღეს დიდი ამოცანების წინაშე დგას. ექსპერტი ფრანსუა ლაფონი მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს რომ, პირველ რიგში, ლისაბონის ხელშეკრულება რეალურად განხორციელდეს; ევროკავშირის ახალმა დიპლომატიურმა სამსახურმა ქ-ნი აშტონის ხელმძღვანელობით განსაზღვროს ევროპის ახალი უსაფრთხოების პოლიტიკა რომელიც არც თუ ისე ადვილია მაშინ როცა მასში 27 ქვეყნის ინტერესები უნდა გაითვალისწინო ; ევროპის ახალმა პლეადამ ახალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შეძლოს ჰარმონიულად მოქმედება. „ მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის გლობალური მმართველობა. საერთაშორისო ეკონომიკამ ზრდის სასურველი რითმი უნდა შეინარჩუნოს. ასევე, საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბირთვული პროგრამის შესწავლაა. გარდა ამისა, ენერგეტიკის დარგში, ევროპამ უნდა შეძლოს სტაბილური და სანდო ურთიერთობის შენარჩუნება თავის რეგიონალურ პარტნიორებთან, როგორც აღმოსავლეთით ასევე სამხრეთით, ისე რომ მისი საქმიანობა ენერგეტიკის დარგში და გლობალური დათბობის კონტექსტში სამაგალითო გახდეს" - დაასკვნა მან.

ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლა 1-ლ დეკემბერს პორტუგალიის დედაქალაქში დიდი ცერემონიითა და ფეიერვერკით აღინიშნა.

ევროპის კონსტიტუციის სრული კრახის შემდეგ ევროპაში ლისაბონის ხელშეკრულება კიდევ ერთი მცდელობაა ევროკავშირის რეფორმირებისათვის. იქნება თუ არა ევროპის ახალი მოდელი წარმატებული და შეძლებენ თუ არა მისი ახალი მმართველები დღევანდელი ამოცანების შესრულებას... კოპენჰაგენის კონფერენცია მათი პირველი გამოცდა იქნება.

XS
SM
MD
LG