ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ობამას სტრატეგიული გადაწყვეტილების ანალიზი


ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირდაპირ განაცხადა:

-„ საკითხი დგას არა უბრალოდ იმის თაობაზე რამდენად ქმედითუნარიანია ნატო, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და საერთოდ მსოფლიოს უშიშროების საკითხი. „

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა მის სიტყვაში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის მომავალი წლის შუა პერიოდისათვის გადაგზავნა და ამ ძალების რაც შეიძლება სწრაფად ადგილზე დისლოცირება.

ამერიკის ხმასთან საუბარში ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოხატა სამხედრო საკითხებში ისტორიკოსმა და ომის შესწავლის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კიმ კაგანმა.

-„ პრეზიდენტი იმით, რომ დამატებით ძალებს აგზავნის ავღანეთში ფაქტობრივად თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას ავღანეთში მიმდინარე ომზე.“

სულ ახლახანს დაბრუნდა ავღანეთიდან ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელი მაიკლ ოჰანლონი. იგი იწონებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მისი აზრით მეამბოხეებთან უფრო აქტიური დაპირისპირების სტრატეგია და გენერალ მაკკრისტალის გეგმა წარმატების საწინდარია.

-„ჩემის აზრით აბსოლუტურად გამართლებულია დამატებით დიდი რაოდენობის კონტინგენტის ავღანეთში გადასროლა. ამას გარდა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ავღანეთის საკითხში ერთადერთი დეტალური ანალიზი გენერალმა მაკკრისტალმა გააკეთა.“

გენერალმა მაკკრისტალმა დაუფარავად განაცხადა, რომ თუ აშშ და მისი მოკავშირეები არ გაზრდიან ავღანეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობას, ავღანეთის ომი მოკავშირეებისათვის წარუმატებლად დამთავრდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა არ ეთანხმება იმ აზრს თითქოს ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა ავტომატურად მოიტანს წარმატებას. ამგვარად მოაზროვნეთ ეკუთვნის ამერიკის არმიის პოლკოვნიკი ენდრიუ ბასევიჩი, რომელიც ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორია.

-„ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ თუ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ავღანეთში, რაშიც მე ეჭვი მეპარება, ჩვენ ამით ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოვუღებთ ჯიჰადიზმს. ჩემის აზრით შედეგი იქნება უბრალოდ კიდევ უფრო გამწვავებული პრობლემა “- აღნიშნა მან. ბასევიჩს მიაჩნია, რომ ისლამურ ქვეყნებში დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის ხანგრძლივი ყოფნა კი არ ამარცხებს ტერორიზმს, არამედ კიდევ უფრო უწყობს ხელს ახალი ტერორისტული ჯგუფების შექმნას.

კიმ კაგანს მიაჩნია, რომ სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, სამხედრო წვრთნების გაფართოვება და ფართემასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები მეამბოხეთა წინააღმდეგ სულაც არ წარმოადგენს საბოლოო ანგარიშში წარმატების გარანტიას, რადგანაც მთლიანობაში ომი ძალზე სარისკო საქმეა და იგი არასოდეს არ იძლევა გარანტირებული გამარჯვების იმედებს. მისი აზრით წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად გამოიყენებენ მეთაურები ჯარისკაცებს, ამაზე რა რეაქციას მოახდენს მოაწინააღმდეგე და რამდენად სურთ ავღანეთის აწმყო ლიდერებს ებრძოლოდ კორუფციას და შექმნან ხალხში უფრო პოპულარული მთავრობა.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სურს 2011 წლის ივლისისთვის ავღანეთის მთავრობას გადააბაროს ქვეყნის უშიშროების საქმე, თუმც პრეზიდენტ არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ დროის რა მონაკვეთი იქნება საჭირო, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს.

მაიკლ ოჰანლონს მიაჩნია, რომ წარმატების პირველი ნიშნები სამი წლის განმავლობაში იჩენს თავს. ამას არ ეთანხმება ენდრიუ ბასევიჩი. მისი აზრით სამი წლის თავზე სიტუაცია გაურკვეველი იქნება, ხოო აშშ-ს პრეზიდენტს კი მოუხდება უფრო რთული გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე მან ახლახანს მიიღო.

მიმომხილველების აზრით ამ პრობლემის გადაწყვეტას დასჭირდება პრეზიდენტ ობამას პრეზიდენტობის მთელი აწმყო ვადა და თუკი მას მეორე ვადით აირჩევენ ეს ვადაც მას იმისათვის დასჭირდება, რომ მან მინიმალურად მაინც შეასრულოს ის დაპირება, რომელიც ავღანეთში მდგომარეობის გამოსწორებას ეხება.


XS
SM
MD
LG