ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდი პეტერბურგის აკვატორიას ეწვევა


23 ნოემბერს საფრანგეთის მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდი პეტერბურგის აკვატორიას ეწვევა. როგორც ცნობილია, რუსეთი ხსენებული თავდასხმის სისტემის შესყიდვით არის დაინტერესებული და ამ ვიზიტის ფარგლებში რუსული მხარე უფრო დეტალურად შეისწავლის ფრანგული მხარის მიერ მომზადებულ შემოთავაზებას. შეერთებულ შტატებში გამოცემულ მემარჯვენე და კონსერვატიულ ჟურნალ „უიქლი სტანდართში“ 13 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „შეასრულებს თუ არა საფრანგეთი სამხედრო გარიგებას რუსეთთან?" რომლის ავტორი, ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის სტრატეგიულ კვლევათა პროგრამის დირექტორი გერი შმიტი აკრიტიკებს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ბატონ შმიტს. თვით ის ფაქტი, რომ ქვეყანამ, რომელმაც გასულ წელს ხელი შეუწყო რუსეთ-საქართველოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც დღემდე არ სრულდება რუსეთის მიერ; და ახლა რუსეთს სამხედრო ხომალდს სთავაზობს, თავისთავად წინააღმდეგობრივია. კითხვაზე თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსულ-ფრანგულ გარიგებას იმ შემთხვევაში თუ ის განხორციელდა, ბატონმა შმიტმა აღნიშნა: -„თუ ეს გარიგება განხორციელდა, მაშინ საფრანგეთი რუსეთს მიაწვდის უახლეს წყალხმელეთა ავიამზიდს, რომელიც ძალიან გამოადგება რუსეთს შავი ზღვის აუზში გამოსაყენებლად. ამდენად, როგორც ერთ-ერთმა რუსმა ადმირალმა უკვე აღნიშნა ამასთან დაკავშირებით, ეს რუსეთს მისცემს აშკარა სამხედრო უპირატესობას მეზობლების მიმართ, საქართველოს ჩათვლით. მაშასადამე ეს გარიგება პირდაპირი სამხედრო გამოწვევის წინაშე გვაყენებს ჩვენ. გარიგებასთან დაკავშირებული მეორე პრობლემა ის არის, რომ განხორციელების შემთხვევაში დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოუნდებათ სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობის მიყიდვა რუსეთისთვის. ხოლო ამას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაშინ როცა რუსეთის მთავრობის ბიუჯეტი დიდი ზეწოლის ქვეშ არის და რუსეთს საკუთარი საშუალებების გამოყენებით ხსენებული სამხედრო აღჭურვილობის წარმოება უბრალოდ არ შეუძლია.“ კითხვაზე თუ რას ნიშნავს რუსულ-ფრანგული გარიგება ნატოს ალიანსის ერთიანობისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საფრანგეთი ნატოს წევრი ქვეყანაა ხოლო რუსეთი კი არა, ბატონმა შმიტმა ასეთი პასუხი გასცა:„ამ მხრივ გარიგების მნიშვნელობის მოაზრება მესახება ორი ასპექტის ჭრილში. პირველი ეს არის ის, რომ დღემდე ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს, და ამდენად მას მიაჩნია, რომ რუსეთისთვის ამგვარი აღჭურვილობის მიწოდება გამართლებულია. მეორე ასპექტი კი ის არის, რომ ევროპული სამხედრო აღჭურვილობის ბაზარზე მოთხოვნა დაცემას განიცდის და შედეგად ესპანეთს, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს სურთ თავიანთ თავდაცვის სექტორში მომუშავე კომპანიების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. ხოლო ამისთვის აუცილებელია შეიარაღების ექსპორტის ზრდა, რაც, თავის მხრივ, ახალი ბაზრების ათვისების აუცილებლობას მოითხოვს. ამიტომ თუ რუსულ-ფრანგული გარიგება არ გამოიწვევს წინააღმდეგობას, მაშინ მას უცილობლად მოჰყვება სხვა გარიგებების გაფორმება." რაც შეეხება რუსულ-ფრანგული გარიგების გავლენას შავი ზღვის აუზში არსებულ სამხედრო ბალანსზე, ბატონმა შმიტმა დასძინა: -„როგორც რუსმა ადმირალმა ახლახან თვითონ აღნიშნა, გასულ წელს რუსეთს რომ ჰქონოდა ფრანგული წყალხმელეთა ავიამზიდი, მაშინ იგი უფრო სწარაფად მოახერხებდა სამხედრო ძალების გადასროლას საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ 24 საათის მანძილზე შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით1,000 ჯარისკაცის გადასროლა საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად ეს ავიამზიდი მნიშვნელოვან თავდასხმით პლატფორმას წარმოადგენს, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში."



XS
SM
MD
LG