ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჩინეთის ურთიერთობები სულ უფრო ფართოვდება


გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკა ჩინეთის ურთიერთობები სულ უფრო ფართოვდება. ამ ურთიერთობებს ზოგჯერ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანსაც კი უწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნვის შემდეგ ჰილარი კლინტონი პირველი ვიზიტით უცხოეთში სწორედ ჩინეთს ესტუმრა: „მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ძალზე დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ჩვენ ახალ უპრეცენდენტო სიძნელეებთან გასამკლავებლად თანამშრომლობის ახალი გზები უნდა გამოვნახოთ". განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ვიზიტამდე ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევები ამერიკას აშფოთებს, ეს საკითხი მისი ვიზიტის დროს არ განიხილება. ამის მაგივრად ორივე ქვეყანამ, რომლებიც მსოფლიოს დაბინძურებას ყველაზე მეტად უწყობენ ხელს, კლიმატის ცვლილებასთან ერთობლივი ძალებით ბრძოლის პირობა დადო. ცინღუას უნივერსიტეტის ამერიკა ჩინეთის ურთიერთობების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი სუნ ჟე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები კლიმატის ცვლილების საკითხს განსხვავებულად უდგებიან, მას იმის იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ ობამას ვიზიტი ორივე ქვეყნისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს: „ამერიკამ და ჩინეთმა პრეზიდენტ ობამას ვიზიტი ურთიერთობების გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. მხარეები ვაჭრობის მსგავს ისეთ საკითხებში ალბათ მიაღწევენ კონსენსუსს, რომლებშიც ვერ თანხმდებიან, მაგრამ სამხედრო სფეროში ეს ალბათ არ მოხერხდება". ამბობს იგი. ჩინეთ ამერიკის ვაჭრობაში ჩინეთი დომინირებს. ქვეყნებს ამ სფეროში ცოტა ხნის წინ კამათიც კი მოუვიდათ, რომლის განხილვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიანდეს. სამხედრო დაძაბულობას ტაივანის საკითხიც აღვივებს. ამ კუნძულს პეკინი ჩინეთის სეპარატისტულ პროვინციად აღიქვავს. ამერიკა კი ტაიპეის იარაღით ამარაგებს. მიმდინარე წელს ჩინეთის სანაპიროს შორიახლოს ამერიკისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდებს შორის რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. თუმცა ამერიკული პოპ კულტურა ახალგაზრდა ჩინელებზე დიდ გავლენას ახდენს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ მათ იმიტომ კი არ სურთ პრეზიდენტ ობამას ნახვა, რომ მისი პოლიტიკური კურსის შესახებ რაიმე იციან ან ეთანხმებიან მას, არამედ იმიტომ, რომ ობამა ცნობილი ადამიანია: „ობამა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ზომიერად განწყობილი ლიდერია. სწორედ ამიტომაც მიანიჭეს მას ნობელის პრემია". გვეუბნება ერთ-ერთი ჩინელი სტუდენტი.ახალგაზრდა ქალი კი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ხილვა მას მხოლოდ იმიტომ სურს, რომ ბარაკ ობამა მისი აზრით ძალზე სიმპატიურია. ობამას ჩასვლას პეკინში 15 ნოემბერს ელოდებიან.


XS
SM
MD
LG