ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში ექსპერტები ტალიავინის ანგარიშის შესახებ მსჯელობენ



6 ნოემბერს, ქალაქ ნიუ იორკის კოლამბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში შედგა სემინარი, რომელიც განიხილავდა რუსეთ საქართველოს ომის შესახებ ევრო კავშირის დასკვნის მნიშვნელობასა და მის მიერ გამოწვეულ რეზონანსს. სემინარში მონაწილეობდნენ კოლამბიის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიისა და საქართველოს საქმეების ექსპერტი ლინკოლნ მიტჩელი; ასევე კოლამბიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო საკითხთა ექსპერტი, ალექსანდერ ქუული; და ამავე ინსტიტუტის პროფესორი, გოჩა ლორთქიფანიძე. ხსენებული სემინარიც სწორედ ბატონ გოჩა ლორთქიფანიძის ინიციატივით შედგა. ამიტომაც დასაწყისში ვთხოვეთ მას ორიოდე სიტყვა ეთქვა თუ რა მიზნებს ემსახურებოდა ამ შეხვედრის მოწყობა.

სემინარის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს ტალიავინის კომისიის დასკვნის ძირითად მომენტებზე. მოსაუბრეებმა ერთსულოვნად აღნიშნეს გადამეტებულად უხეში ტონი, რომლითაც ხსენებული დასკვნაა დაწერილი. აგრეთვე აღინიშნა, რომ დასკვნაში უხვადაა რუსეთის კრიტიკა: მისი ომამდელი საპასპორტო პოლიტიკა, იგულისხმება რუსეთის მიერ პასპორტების დარიგება აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეებისათვის; რუსეთის ბრალდება, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ოსი ეროვნების მოქალაქეების გენოციდს; და რომ რუსეთმა ფაქტიურად მოახდინა ომის პროვოცირება. მეორეს მხრივ, გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს დასკვნა საკმაოდ კრიტიკულად იხსენიებს საქართველოსაც, კერძოდ ის, რომ დასკვნა დასაწყისშივე აცხადებს და შემდეგ რატომღაც რამოდენიმეჯერ იმეორებს, რომ ფართო მასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს დაბომბეს ცხინვალი. ხოლო ეს ფაქტი საკმაოდ საზიანო იყო საქართველოს საერთაშორისო იმიჯისათვის, რადგანაც საქართველოს მთავრობა ომის დაწყების დღიდან ამტკიცებდა, რომ ომი მათ არ დაუწყიათ.

საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აგვისტოს ომამდე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უფრო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ითვლებოდნენ, ხოლო დღეს კი ისინი რუსეთის ფედერაციის ქვეშ არსებულ ნაკლებად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. თუმცა კი აღინიშნა, რომ სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით აფხაზეთს მართლაც სურს დამოუკიდებლობა. და რომ აფხაზებს აღიზიანებთ თუ როგორ აკონტროლებს ენგურს რუსეთი და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას მათ ნაცვლად.


XS
SM
MD
LG