ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ Human Rights Watch-ის ექსპერტთან ევროკავშირის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისიის ანგარიშის შესახებ


ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ევროკავშირის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისიის დასკვნებსა და მის მიმართ უცხოური პრესის და მთელი საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებას ეხება. ჩვენი გადაცემისთვის სწორედ ამ საკითხების ირგვლივ დავუკავშირდით ნიუ იორკში, „ჰუმან რაითს ვოჩის“ ევროპისა და შუა აზიის დეპარტამენთის განყოფილების დირექტორის მოადგილეს ქალბატონ რეიჩელ დენბერს.

„ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საერთაშრისო თანამეგობრობა და მედია აქცენტირებულები არიან იმაზე, თუ ანგარიშის თანახმად ვინ გაისროლა პირველმა და დაიწყო საომარი ოპერაციები. არავინ არ კითხულობს, თუ რა ბედი ეწია დამნაშავეებს. სამივე მხარემ შარშან აგვისტოში ომის დანაშაული ჩაიდინა. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები, განადგურდა პირადი ქონება, დაშავდნენ ასევე უდანაშაულო სამოქლო პირები. ომის შემდეგ არავინ ყოფილა დასჯილი. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ანგარიშვალდებულების მომენტი საერთოდ არ არსებობს, როცა ლაპარაკია ომის დაწყების და მიმდინარეობის დროს ჩადენილ ქმედებებზე. ომის შემდეგ ბევრი ადამიანი დღესაც ელის მართლმსაჯულების აღსურლებას, მათი საცხოვრებელი სახლები ბრძოლების შედეგად განადგურდა. შესაბამისად, სამართლის და კანონის უგულვებელყოფა არ უნდა მოხდეს.

ჩვენი შეშფოთებაც სწორედ იმან გამოიწვია, რომ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, გააკეთა რა რეაქცია ამ ანგარიშზე, ყურადღება არ გაამახვილა ბევრად უფრო მნიშვნელოვანზე-- არა იმაზე, თუ ვინ გაისროლა პირველმა, არამედ თუ როგორ დაირღვა ომის კანონი, როგორ მოხდა ჰუმანიტარული მდგომარეობის და კანონმდებლობის ხელყოფა, რა ბედი ეწიათ დამნაშავეებს.ყველაფერ ამაზე ანგარიში წერს, თუმცა ყველა იგნორირებას უხდენს ასეთ მნიშვნელოვან ფაქტებსა და შეფასებებს. კიდევ ერთხელ მსმენელის ყურადღებას გავამახვილებ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ჰუმანიტარულ კანონმდებლობაზე, რომელიც ფეხქვეშ გაითელა : განურჩეველი ძალის გამოყენება და დაბომბვა ორივე მხარის მიერ, კასეტური ბომბების გამოყენება, ქართული სოფლების მიზანმიმართული დაბომბვა, ქართველი მშვობიანი მოქალაქეების დაკავება და ის თუ როგორ ეპყრობოდნენ ომის პატიმრებს.

ჩვენ რუსეთსა და საქართველოს მოვუწოდებთ დასაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც ამ ომის დროს დანაშაული ჩაიდინეს და საერთაშორისო კანონი დაარღვიეს.

ჩვენ ამასთან მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოსა და რუსეთს დამნაშავეების დასჯა მოთხოვოს. ომის შედეგად ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა და განადგურდა ქონება.“

რეიჩელ დენბერი აგრძელებს:

„ჰუმან რაითს ვოჩმა იანვარში ომის მიზეზებზე და განხორციელებულ დარღვევებზე გამოაქვეყნა განცხადება. დღესაც იგივეს ვიმეორებთ და ვაცხადებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართულმა ძალებმა განურჩეველი ძალა გამოიყენეს გრადის სარაკეტო სისტემების მეშვეობით. ამ იარაღის გამოყენება აკრძალულია დასახლებულ ადგილებში.

ჩვენ ვამბობდით იმასაც, რომ ქართველმა სამხედროებმა ტანკებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალის შენობებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რომელთაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს. მაშინვე ვთქვით, რომ სამხრეთ ოსურმა ძალებმა ქართულ ძალებს ცეცხლი სულ ცოტა რამდენიმე ასეთი შენობიდან გაუხსნეს. რაც შეეხება კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტებს, რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებას შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება.

ანგარიში ძალიან სერიოზულ რეკომენდაციებს აყალიბებს, რომ უნდა განმტკიცდეს ანგარიშვალდებულება, დაისაჯონ დამნაშავეები და მოხდეს დარღვევების--ადამიანის უფლებების ხელყოფის გამოძიება. ამას ჩვენ ბოლო ერთი წელია მოვითხოვთ. ევროკავშირის ანგარიში ძალიან მკაფიოდ საუბრობს მსგავს შემთხვევებზე, მაგრამ რატომღაც საერთაშორისო საზოგადოება ამაზე არ აკეთებს აქცენტს. კონფლიქტის სამივე მხარემ კარგად უნდა გააცნობიეროს ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევები, ანგარიშვალებულების ნაკლებობა და დასაჯოს დამნაშავეები. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.“

XS
SM
MD
LG