ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ   დევიდ კრეიმერთან


როგორც ცნობილია, 30 სექტემბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის კომისიის ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზები და შედეგები. ამ ანგარიშისა და საქართველო-რუსეთის ურთირთობებზე საკუთარ აზრს გვიზიარებს შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის გეგმის სახელობის ფონდის ტრანსატლანტიკური კვლევების უფროსი მეცნიერ მუშაკი ბატონი დევიდ კრეიმერი.

კითხვაზე თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს იგი ევროკავშირის ანგარიშს, ბატონმა კრეიმერმა აღნიშნა:

„უპირველეს ყოვლისა მე მინდა ავღნიშნო, რომ ანგარიში მე ჯერ არ მინახავს. მე მხოლოდ იმ მასალებს გავეცანი, რომელიც ამ ანგარიშის შესახებ პრესაში დაიბეჭდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ ანგარიშში მოყვანილი დასკვნები შედარებით გონივრულია რადგან ბრალი თანაბრად არის განაწილებული. ქართველებს ბრალი ედებათ 7 აგვისტოს მომხდარი მოვლენებისთვის, მაგრამ იმავდროულად ანგარიში ადანაშუალებს რუსეთსაც, რომელსაც ბრალი ედება კონფლიქტის გაღვივებასა და დისპროპორციული საპასუხო იერიშისთვის. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს ანგარიში საკმაოდ სრულყოფილია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მოხსენების მომზადებისთვის მათ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ.“

ციტატის დასასრული-

კრეიმერს მიაჩნია, რომ ანგარიში დიდად არ შეცვლის საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივას. მისი თქმით, ტალიავინის ანგარიშის გამო ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის უარყოფითი დამოიკიდებულება საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ არსებითად ამით საქართველოს ნატოში გაწევრიანების ალბათობა არ შემცირდება რადგან ამ მწვავე საკითხთან დაკავშირებით წევრი ქვეყნების პოზიციები დიდი ხანი კარგად არის ცნობილი და მომხრეთა განდგომა არ არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რუსეთი კვლავინდებურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ბატონმა კრეიმერმა განაცხადა:

„რასაკვირველია რუსეთი დღესაც არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. რუსეთის საჯარისო ნაწილების კონცენტრაცია აღემატება იმ ზღვარს, რომელიც შემუშავდა გასულ წელს საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის შუამავლობით. რუსებმა სეპარატისტული ტერიტორიების დე ფაქტო საზღვრების გაკონტროლება დაიწყეს, რაც შემაშფოთებელია რადგან ამით შემცირდა ფიზიკური მანძილი რუს და ქართველ სამხედროებს შორის. ამ და სხვა გარემოებების გამო რუსეთი უდაოდ იმსახურებს კრიტიკას.“

ციტატის დასასრული

ინტერვიუს ბოლოს ბატონმა კრეიმერმა დასძინა:

„ანგარიში არ იქნება გასაკვირი არავისთვის ვინაიდან მასში წარმოდგენილია მეტნაკლებად გაწონასწორებული შეხედულება.“

ციტატის დასასრული



XS
SM
MD
LG