ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია: მნიშვნელობა რეგიონისთვის


კვირას, 27 სექტემბერს, თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს თურქეთი და სომხეთი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებას ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და სახელმწიფო საზღვრის გახსნას. თუ რა გავლენას მოახდენს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაცია ამიერკავკასიის რეგიონსა და კერძოდ აზერბაიჯანსა და საქართველოზე - ამ და სხვა კითხვების გასარკვევად ჩვენ მივმართეთ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის ინსტიტუტის თურქეთის კვლევითი პროგრამის დირექტორს და უფროს მეცნიერ მუშაკს, ბატონ სონერ ჩაგაპტაის.

კითხვაზე თუ რა გავლენას მოახდენს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესება ამიერკავკასიის რეგიონსა და კერძოდ აზერბაიჯანსა და საქართველოზე, ბატონმა ჩაგაპტაიმ აღნიშნა, რომ თუმცა იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მომხრეა, მას მიაჩნია, რომ შეთანხმების მიღწევის შედეგად ცოტა რამ შეიცვლება. ამის მიზეზი, ჩაგაპტაის თქმით, არის ის, რომ ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზაციის გეგმის პროტოკოლი უნდა დამტკიცდეს ორი ქვეყნის პარლამენტის მიერ, ხოლო ეს კი ნაკლებადა არის მოსალოდნელი რადგან როგორც თურქ ისე სომეხ კანონმდებლებს შორის ბევრი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება. სომხეთში ეს წინააღმდეგობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პროტოკოლი ითვალისწინებს ორმხრივი ისტორიული კომისიის შექმნას, რომელსაც დაეკისრება 1915 წლის მოვლენების გარკვევა. პროტოკოლის პრეამბულაში ნახსენებია ისიც, რომ ხსენებული კომისიის მუშაობა უნდა დაეყრდნოს წინაპირობას, რომლის თანახმად ოსმალეთის იმპერიის არსებობის მიწურულს მომხდარი მოვლენები არ წარმოადგენს გენოციდს. ხოლო ეს კი სომხებისთვის მიუღებელი იქნება. თურქეთის პარლამენტში პროტოკოლს იგივე ბედი ელის სხვა მიზეზის გამო. ჩაგაპტაის აზრით, პროტოკოლის დამტკიცება ნიშნავს იმას, რომ მოხდება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხის განცალკევება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის საკითხისგან. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის მოთხოვნის თანახმად თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გამუჯობესება დაკავშირებული უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან. პროტოკოლის მიღება კი ნიშნავს იმას, რომ თურქეთი აზერბაიჯანის მიმართ მიღებულ დაპირებას უცილობლად დაარღვევს და ხსენებულ პირობითობას გააბათილებს. ამდენად თურქეთის პარლამენტისთვის ძალიან ძნელი იქნება პროტოკოლის დამტკიცება, თუ სომხეთი მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დათმობებზე არ წავა, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების ჩათვლით.

კითხვაზე თუ რა იქნება აზერბაიჯანის პასუხი სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის შესაძლო ნორმალიზაციაზე, ბატონმა ჩაგაპტაიმ აღნიშნა:

„მე ვფიქრობ, რომ რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა ამოძრავებს რუსეთს. ჩემის აზრით, რუსეთს ამჟამად სურს საქართველოს ფიზიკური და პოლიტიკური იზოლაცია და კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი გათიშვა და ქვეყნის იზოლაცია. ამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია ურთიერთობების ერთდროული გამუჯობესება სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის რუსეთის პოლიტიკის მთავარი მიმართულება კავკასიის რეგიონში. რუსეთს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სომხეთთან. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო ათი წლის მანძილზე. თურქეთი ეკონომიკურად დამოკიდებულია რუსეთზე. მაგალითად, თურქეთი ბუნებრივი აირის 70 პროცენტს სწორედ რუსეთიდან ღებულობს და, გარდა ამისა, თურქეთის პრემიერ მინისტრ ერდოღანსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს პირადი მეგობრობა აკავშირებთ. ამ ფაქტორმა ნაწილობრივად განაპირობა ის გარემოება, რომ გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე თურქეთის რეაქცია საკმაოდ უსიტყვო აღმოჩნდა.“

ჩაგაპტაის მიაჩნია, რომ კრემლის ამოცანა ამჟამად არის აზერბაიჯანის გადაპირება რადგან თურქეთთან და სომხეთთან რუსეთს უკვე კარგი ურთიერთობა აქვს. შედეგად არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ მოსკოვი ბაქოს კვლავინდებურად შესთავაზებს ბუნებრივი აირისა და ნავთობის შესყიდვის სარფიან გეგმებს.

ინტერვიუს დასასრულს ბატონმა ჩაგაპტაიმ დასძინა:

„რუსეთის შემოჭრამ საქართველოში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველას და განსაკუთრებით აზერბაიჯანს უჩვენა ის, რომ თუ დასავლეთის და შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანა ხარ, მაშინ შეერთებული შტატების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეს. და ამიტომ აზერბაიჯანის მთავრობამ სათანადო დასკვნა გამოიტანა და ამიტომ არა არის გასაკვირი ის, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აზერბაიჯანი უფრო მეგობრულად არის განწყობილი რუსეთის მიმართ, რაც ნაწილობრივ გამოიხატა ნავთობისა და ბუნებრივი აირის გარიგებების გაფორმებაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ თანდათან აზერბაიჯანი რუსეთისთვის სასურველი მიმართულებით მოძრაობს.“

XS
SM
MD
LG