ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში გაეროს გენშტაბის წინ დემონსტრაციები მიმდინარეობს


ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობა დაიწყო, რაც თავად ნიუ იორკელებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ კამერუნიდან, შრი ლანკადან და ტიბეტიდან ჩამოსულმა იმიგრანტებმა გაეროს შენობის წინ საპროტესტო მიტინგები მოაწყვეს.

ნიუ იორკელთა უმრავლესობისათვის ეს ჩვეულებრივი სამუშაო კვირაა, მათ ნაკლებად აღელვებთ მსოფლიოს ლიდერების შეხვედრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. გაეროს შენობის ახლომახლო უშიშრეობის რაიმე გასაკუთრებული ზომების ნიშანყალიც კი არ არის. არც პოლიციის სიმრავლეა შესამჩნევი. მხოლოდ თავად გაეროს შტაბ-ბინის შესასვლელთან თავმოყრილ დემონსტრანტებს პოლიცია გულდასმით აკვირდება.

აქ ხალხი სხვადასხვა მიზნითაა თავმოყრილი. ზოგიერთი ტიბეტის თავისუფლებისთვის იბრძვის, სხვები ბირმაში, კამერუნში, ჩინეთსა და შრი ლანკაში ადამიანის უფლებათა დაცვას და დემოკრატიის განვითარებას მოითხოვენ.

აქ შეხვდებით ანტი-სიონისტ ებრაელ რაბინებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს არსებობის წინააღმდეგ გამოდიან. ხასიდი რაბის განცხადებით:“ჩვენ სულის სიღრმემდე შეძრულები ვართ იმ უსამართლობით რასაც ებრაელების სახელით პალესტინელების წინააღმდეგ სჩადიან.“

მომიტინგეების თითოეულ ჯგუფს თავისი სპეციალური ადგილი აქვს გამოყოფილი. ჩინეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული ფალუნგ გონგის რელიგიური სექტის წევრები ტიბეტელების მახლობლად ლოცულობენ. ტიბეტელები აქ ყველაზე მრავლად არიან, ისინი დალაი ლამას უჭერენ მხარს და ჩინეთის პრეზიდენტის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვირიან.

ბირმელი დემოკრატები უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ მათი ლიდერის აუნგ სან სუჩის შინაპატიმრობიდან განთავისულფების მოთხოვნით. მათ მეზობლად შრი ლანკის ხელისუფლების მხრადამჭერნი შეკრებილან. ისინი ამტკიცებენ რომ ტერორისტების დამარცხების შემდეგ შრი ლანკის მოსახლეობის ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა თავისუფლად ამოისუნთქა.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან მოპირდაპირე მხარეს მდგარი შრი ლანკელი თამილები, რომლებიც ხელისუფლებას თამილების წამებასა და უკანონო დაპატიმრებებში ადანაშაულებენ. როგორც ერთ-ერთი მომიტინგე აცხადებს:“ დაანებონ თამილებს თავი. მისცენ ჩვენს ხალხს თავისუფალი ცხოვრების საშუალება. თამილები არ იმსახურებენ საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნას.“

დღეს საპროტესტო მიტინგები კვლავაც გაგრძელდება გაეროს შტაბ-ბინის წინ. დემოსტრანტები ირანის და ლიბიის ლიდერების მაჰმუდ აჰმადინეჟადის და მუამარ კადაფის წინააღმდეგ აპირებენ აქციების მოწყობას.

XS
SM
MD
LG