ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაქ ობამა უარს ამბობს ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებაზე



პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ მისი წინამორბედის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის გეგმის მაგივრად უფრო ეფექტური და მოქნილის განხორციელებას აპირებს:

„ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზას ისეთი სარაკეტო სისტემის განლაგება წარმოადგენს, რომელიც საშიშროებასაც გააქარწყლებს და სანდო და იაფიც იქნება“. აღნიშნა პრეზიდენტმა.

ობამას თქმით, ეს გადაწყვეტილება მას ძირითადად ირანის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მიღებამ აფიქრებინა. როგორც ცნობილია ამერიკა მანამდე თვლიდა, რომ თეირანი შორი რადიუსის რაკეტების შექმნას ლამობდა. ახლა კი გამომჟღავნდა, რომ ირანში ძირითადი აქცენტი ახლო და საშუალო რადიუსის რაკეტებზეა გადატანილი:

„ბალისტიკური რაკეტებისგან დამცავი ახალი სისტემა უფრო კარგად გასცემს პასუხს ირანის პროგრამას“. განაცხადა პრეზიდენტმა.

ბატონი ობამას თქმით, პოლიტიკის შეცვლა ნაწილობრივ ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ გამანადგურებელ-დამჭერი რაკეტების და მათი სენსორების განვითარებამაც განაპირობა. ამ გაუმჯობესებული სისტემების განლაგების პროცესის დაწყება კი უკვე 2011 წლისთვის გახდება შესაძლებელი. პრეზიდენტის გეგმის თანახმად, უკვე აღარ იქნება აუცილებელი ჩეხეთში მძლავრი რადარის, ხოლო პოლონეთში კი წინა თაობის გამანადგურებელ-დამჭერი რაკეტების განთავსება:

„უბრალოდ რომ ვთქვათ, ჩვენი რაკეტსაწინაღო სისტემა ევროპის უსაფრთხოებას ევროპაში დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებს და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ბევრად უფრო ეფექტურად, ჭკვიანურად და სწრაფად დაიცავს“. აღნიშნა ბატონმა ობამამ.

ამერიკის პრეზიდენტმა ჩეხეთის და პოლონეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრ სახლში მოწყობილი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას გაანდო ფართო საზოგადოებრიობას ახალი გეგმის არსი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არამც და არამც არ მოიაზრებს ევროპის დაუცველად დატოვებას. საგულისხმოა, რომ მომავალ კვირას მსოფლიოს ოცი წამყვანი ქვეყნის ჯგუფის შეხვედრაზე და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან საუბრისას გეზის ცვლილება დიდ ადგილს დაიკავებს:

„პრეზიდენტმა ობამამ მითხრა, რომ ამერიკა აღარ აპირებს ჩეხეთში რაკეტსაწინაღო სისტემის ნაწილის განთავსებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ ამ გადაწყვეტილება“. განაცხადა ჩეხეტის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა.

ვარშავაში მოღვაწე პოლიტოლოგი ზბიგნევ ლევიცკი შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მომძლავრებას მოასწავებს:

„ძალზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება უდაოდ რუსეთის ზეწოლის ქვეშ მიიღეს. ეს აგრეთვე იმასაც ააშკარავებს, რომ ახლა ამერიკა ითვალისწინებს რუსეთის სურვილებს და მისწრაფებებს ჩვენს რეგიონში. ჩემის აზრით ამერიკის ასეთი მიდგომა საკითხისადმი ჩვენ ყველას განგაშის ატეხის საფუძველს გვაძლევს. ამერიკასა და რუსეთს შორის

ნორმალური დამოკიდებულების არსებობას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს აღმოსავლეთ ევროპის ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს“. განაცხადა ბატონმა ლევიცკიმ.

ცნობილია რუსეთის ნეგატიური დამოკიდებულება, მასზე წინათ დამოკიდებული ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსებისადმი. თუმცა ობამა ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე რუსეთის ფაქტორს არ უმოქმედია:

„ჩვენ მთელი ყურადრება ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე გადავიტანეთ და სწორედ ამ პროგრამიდან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“. განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

თუმცა რუსეთის სხვაგვარად ფიქრობს:

„ეს იმის ნათელი გამოხატულებაა, რომ ამერიკა რუსეთის ინტერესებს სერიოზულად აფასებს და ითვალისწინებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული უშიშროების დარგში თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი რაკეტსაწინაღო სისტემა“. განაცხადა რუსეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა.

შეერთებული შტატების კონგრესის წევრმა რესპუბლიკელებმა მყისვე გააკრიტიკეს ზემოთქმული გადაწყვეტილება. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერის ჯონ ბოენერის წერილობით განცხადებაში იგი თეთრ სახლს ამერიკის ევროპელი მოკავშირეების ხარჯზე რუსეთის გაძლიერებაში სდებს ბრალს. ამერიკის ხმა. . .

XS
SM
MD
LG