ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესა საქართველოს შესახებ


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ პრეზიდენტ სააკაშვილის სტატიით , რომელიც დღეს გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა. სტატიაში ჩამოთვლილია ის ფაქტები, რომელიც გასულ წელს რუსეთის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი და მომზადებული სამხედრო შემოჭრის შედეგად წარმოიშვა საქართველოში. პრეზიდენტი სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად უთვალავი პრობლემებისა და რუსეთის პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს და აღრმავებს დემოკრატიულ რეფორმებს, რისი დასტურიცაა ამ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები ქალაქების მერების პირდაპირი არჩევნების, ახალი საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამმართველო საბჭოში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შესახებ. პრეზიდენტი სააკაშვილი მადლიერებით მოიხსენიებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დანაპირებ 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს. სტატიაში ვკითხულობთ:

ოცი წლის წინ, თავისუფალი და აყვავებული დასავლეთის მიმზიდეველობამ დაანგრია ბერლინის კედელი. ჩვენ გვჯერა რომ თავისუფალი და აყვავებული საქართველოს მაგალითი საბოლოოდ აღადგენს ჩვენ სუვერენიტეტსა და უკუ აქცევს იმ უარყოფით შედეგებს რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას მოჰყვა. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების დახმარებით, რომლისთვისაც ჩვენ მადლიერები ვართ, საქართველო აღორძინდება და მაგალითს უჩვენებს მთელს რეგიონს.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" იმავე ნომერში გამოქვეყნებულია სტივენ სესტანოვიჩის სტატია სათაურით "რა უნდა ეთქვა ბაიდენს." სესტანოვიჩი კომენტარს აკეთებს ჯო ბაიდენის პასუხზე ჟურნალისტის კითხვაზე, რომელშიც იგი რუსეთის შიდა პრობლემებს შეეხო. მისი აზრით ჟურნალისტმა ის კი არ ჰკითხა ვიცე პრეზიდენტს თუ რატომ უწევს ამერიკა პროვოცირებას რუსეთს, არამედ ის თუ რატომ ფიქრობს ვაშინგტონი, რომ მას შეუძლია რუსეთის ძალაუფლების შეკავება, როდესაც ამისთვის ის ძალიან ცოტას აკეთებს. ბაიდენის ამ კითხვაზე პასუხი კი ჩანდა, როგორც მცდელობა საუბრის თემის შეცვლისა. რაც იყო არც ისეთი იოლი გზა იმის სათქმელად, რომ შესაძლოა საშინაო პრობლემებით დამძიმებული რუსები თვითონვე შეაკავებენ თავიანთ თავს და ამერიკას ამისათვის არავითარი ძალისხმევის გაწევა არ დასჭირდება.

სესტანოვიჩის აზრით იმის ასახსნელად თუ რატომ არ უპირისპირდება ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს, ბაიდენს შეეძლო უკვე მიღწეული წარმატებების მოშველიება. იმათ გადასარწმუნებლად, ვინც ფიქრობს რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უფრო ლაპარაკია ვიდრე საქმე, მას შეეძლო გულახდილად ესაუბრა იმის შესახებ თუ რა უნდა უნდა გაკეთდეს რუსეთის მეზობლების დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად.

ამერიკის პოლიტიკა არ არის იმის მცდელობა, რომ როგორმე რუსეთი მუხლებზე დააჩოქოს და არც ადმინისტრაცია ელოდება იმას, რომ რუსეთი დასუსტდება, იმისათვის რომ მასთან ითანამშრომლობაზე წამოვიდეს. მას მხოლოდ საერთო ინტერესების იმედი აქვს.

გასულ თვეში რუსეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტი ობამა შეეცადა ურთიერთობების განმტკიცებას რუსეთთან. ადმინისტრაციამ წარმატებას მიაღწია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში. მაგრამ იგივე წარმატებით აძლიერებს კი იგი რუსეთის მეზობლებს? რა თქმა უნდა სისულელეა იმის მტკიცება, რომ რუსეთის სუსტი საბანკო სისტემა, შემცირებული მოსახლეობა ან თუნდაც რომელიმე სხვა შიდა პრობლემა ხელს შეუშლის მას შეუტიოს საქართველოს თუკი ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება.

მაგრამ არსებობენ სხვა ტიპის ძალები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.

ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანა თანამშრომლობს დასავლეთის მთავრობებთან და ერთმანეთთან, თავიანთი დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის მხარდაჭერა რუსეთის მეზობლებისათვის უკვე ზედმეტია, ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს რეალური შანსი წარმატებას მიაღწიოს. დინ აჩესონი ამბობდა „ ამერიკის ენერგია და სიძლიერე" ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამ ქვეყნებს სჭირდებათ სამხედრო წვრთნა და აღჭურვილობა, რათა მუქარას არ შეუშინდნენ. მათ სჭირდებათ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა, რათა თავი დააღწიონ ეკონომიკურ დამოკიდებულებას. მათ სჭირდებათ დიპლომატიური ყურადღება, რაც მათ დაეხმარებათ მათ შიდა საქმეებში ჩარევის თავიდან აცილებაში.

ეს არის ის პრაქტიკული პრობლემები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციამ უნდა მოაგვაროს, თუკი მას სურს რუსეთის მეზობლების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. თუკი იგი ამ პრობლემებს მოაგვარებს, მომავალში ჟურნალისტებიც უკეთეს პასუხს მიიღებენ.

XS
SM
MD
LG