ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დათანხმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაზე ავღანეთში


თეთრი სახლის ცნობით შეთანხმება ითვალისწინებს წელიწადში 4,500-მდე გადაფრენას, რაც ამერიკის მთავრობას შეუნახავს 133 მილიონ დოლარს საწვავში, ტექნიკურ მომსახურებასა და სხვა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ დანახარჟებში. ამის გარდა რუსეთი საჰაერო ნავიგაციის ხარჯებს დაფარავს.

6 ივლისს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ მოსკოვში გამართულ პრეს კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დადებითად შეაფასა ორმხრივი შეთანხმება.

"ამით რუსეთს შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთაშორისო წამოწყებაში და ამერიკის შეერთებულ შტატებს შედეგად ნაკლები დრო და რესურსები დაეხარჯება იმისათვის რომ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს გავუწიოთ ისეთი მხარდაჭერა როგორიც მათ ესაჭიროებათ. "


დღემდე რუსეთი მხოლოდ არასამხედრო დანიშნულების ტვირთს უშვებდა ტრანზიტით საკუთარი საჰაერო სივრცის გავლით ავღანეთში.

კერძო კვლევითი ფირმის "შეიარაღებათა კონტროლის ასოციაციის" აღმასრულებელ დირექტორს დერილ კიმბალს მიაჩნია, რომ ხსენებული შეთანხმება მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

"ეს საკმაოდ ღირშესანიშნავი მიღწევაა, თუ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ისტორიას გავითვალისწინებთ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს შეთანხმება ძალზედ მნიშვნელოვანია ვინაიდან ავღანეთში საომარი მოქმედებების გაფართოება მოითხოვს იმ ქვეყანაში უფრო მეტი ჯარისკაცისა და აღჭურვილობის გაგზავნას. და თუ რუკას გადავხედავთ, რუსეთის საჰაერო სივრცე საგრძნობლად აადვილებს ამ ამოცანას. ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი მიანიშნებს რომ მას სურს დაეხმაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს ავღანეთში. რუსები ხედავენ რომ თალიბანი საფრთხეს წარმოადგენს როგორც ამერიკისთვის ისე რუსეთისთვისაც. ეს რუსეთის მხრიდან საკმაოდ კონკრეტულად გადადგმული ნაბიჯია და მე ვფიქრობ რომ ერთი წლის წინ ეს უბრალოდ ვერ მოხდებოდა."

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის მარშალ გოლდმანის აზრით მოსკოვის თანხმობა წარმოადგენს დადებით ნაბიჯს, თუმცა იგი დასძენს რომ ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთის საკუთარი ინტერესებით არის ნაკარნახევი.

"ამერიკელების ჩართვა ავღანეთში რუსეთის ინტერესებში შედის რადგან თუ ამერიკელები არ მიხედავენ იმ ქვეყანას, მაშინ ადრე თუ გვიან რუსებს თვითონ მოუწევთ ამის გაკეთება. ამგვარად რუსეთის თანხმობა ჩვენთვის ხელსაყრელია ვინაიდან ტვირთების გადაზიდვა პაკისტანის გავლით პრობლემებთანაა დაკავშირებული. მაგრამ გარდა ამისა მიღებული გადაწყვეტილება რუსებს იმის თქმის უფლებას აძლევს, რომ ისინი გვეხმარებიან და გვისურვებენ წარმატებას. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რუსებისთვის ამერიკელების ყოფნა ავღანეთში ბევრად უფრო მისაღებია თალიბანის დაბრუნებასთან შედარებით."

ნიშნადობლივია ის ფაქტიც რომ შეთანხმება რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ გაფორმდა იმის შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას ყირგიზეთის მთავრობასთან ქვეყნის ჩრდოლოეთ ნაწილში მდებარე მანასის საჰაერო ბაზის გაქირავების თაობაზე.

ხსენებული საჰაერო ბაზა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამერიკისა და ნატოს საომარი მოქმედებებისთვის ავღანეთში.

გასულ წელს, ავღანეთის საჰაერო სივრცეში 11,000-ზე მეტი თვითმფრინავი შეივსო საწვავი მასალით იმ გამწყობი თვითმფრინავების მიერ რომლებიც მანასის ბაზიდან იყო გამოფრენილი. ამ ბაზის გავლით ავღანეთში მოხვდა ან ეს ქვეყნა დატოვა 170,000-ზე მეტმა ჯარისკაცმა. ამის გარდა 5,000 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა ავღანეთში მანასიდან.

გასულ თებერვალს, ყირგიზეთის მთავრობამ გადაწყვიტა ამერიკელების გამოსახლება მანასის ბაზიდან იმისდამიუხედავად რომ ისინი იჯარით იყენებდნენ ამ ობიექტს 2001 წლიდან. ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით ყირგიზეთის მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთის ზეგავლენის გამო მოხდა.

მაგრამ გასულ თვეს ყირგიზეთმა შეცვალა ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა მანასის ბაზის გამოყენებისთვის წლიური იჯარის ოდენობა 17.5 მილიონი დოლარიდან 60 მილიონამდე. იჯარის გაზრდაზე თანხმობის გარდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყირგიზეთს დამატებითი ეკონომიკური სტიმულები შესთავაზა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ ოფიცილაურ პირს დევიდ კრეიმერს, რომელიც ამჟამად ჯერმან მარშალ ფონდში მუშაობს ვაშინტონში, მიაჩნია რომ მანასის ბაზაზე დაბრუნება და რუსეთის თანხმობა საჰაერო სივრცის გამოყენებაზე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიღწევებს.

"ეს გადაწყვეტილება ნათლად ასახავს იმ შიზოფრენიულ დამოკიდებულებას რომელიც დროდადრო მოჩანს რუსი ოფიციალური პირების პოზიციაში, როცა ერთის მხრივ ისინი დაინტერესებულნი არიან ავღანეთში მდგომარეობის სტაბილიზაციითა, ხოლო მეორეს მხრივ მათ სურთ ჩვენი გაგდება რეგიონიდან. და ამგვარად რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი მისთვის. ამ მხრივ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რუსებმა უპირატესობა მიანიჭეს ერთობლივ თანამშრომლობასა და ავღანეთის სტაბილიზაციას."

ანალიტიკოსების დიდი ნაწილის აზრით ის ფაქტი რომ რუსეთი მზადაა დახმარება გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ავღანეთში იმის მანიშნებელია რომ პრეზიდენტ ობამას სტრატეგია, რომელიც გამიზნულია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გადახალისებაზე, სწორად იმართება.

XS
SM
MD
LG