ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებს საომრად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გააგზავნის


პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ ამერიკელებს საომრად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გააგზავნის. ამერიკის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებს პირობა დაუდო:

“მე თქვენ ბრძოლაში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თანაც გათვლილი სტრატეგიით, ჩამოყალიბებული გეგმით, შეიარაღებით და დახმარების სისტემით აღჭურვილებს გაგაგზავნით”. განუცხადა პრეზიდენტმა ახალგაზრდა ოფიცრებს.

ბატონი ობამას თქმით, მისი გეგმა აგრეთვე ერაყის ომის პასუხისმგებლობით დასრულებას და ავღანეთსა და პაკისტანში გამაგრებული ალ-ყაიდასა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის უფრო ჩამოყალიბებული სტრატეგიის შემუშავებასაც მოიცავს.

ობამა და სხვა დემოკრატები წარსულში პრეზიდენტ ბუშსა და მის ადმინისტრაციას ერაყში ჯარის ჩამოყალიბებული სტრატეგიის და შეიარაღების გარეშე გაგზავნისთვის აკრიტიკებდნენ. ბატონმა ობამამ აკადემიის კურსდამთავრებულებს აგრეთვე განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი მუქარის განეიტრალება აუცილებლად უნდა შესძლოს:

“ბევრი სახელმწიფო და ტერორისტული ქსელი. მომაკვდინებელი ტექნოლოგიების და ზიზღის დამნერგავი იდეოლოგიის გავრცელება. მეთვრამეტე საუკუნის სტილის მეკობრეობა ოცდამეერთე საუკუნეში. კიბერმუქარა. ეს ის საშიშროებებია, რომლებიც ჩვენ გვემუქრება” განაცხადა პრეზიდენტმა.

ბატონი ობამას თქმით, მან შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის ბიუჯეტის შემცირებაზე უარი სთქვა და ახლა საზრვაო ქვეითთა გაძლიერებაზე ზრუნავს. მან აგრეთვე სამხედროებს ხელფასების გაზრდის და შეღავათების გაუმჯობესების პირობაც დაუდო. მისი თქმით, იგი შეერთებული შტატების სამხედრო დომინირების შენარჩუნებისთვის ზრუნავს.

აკადემიის გამოსაშვები ცერემონია დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. ცაში სამხედრო საზღვაო ფლოტის ავიაციის თვითმფრინავებმა მოაწყეს საჩვენებელი ფრენა. ხოლო ანაპოლისის აკადემიის კურსდამთავრებულთა შორის, საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას მოქიშპის სენატორ ჯონ მაკკეინის ვაჟიშვილიც იყო.

“ღმერთმა დალოცოს სამხედრო საზღვაო ფლოტი. ღმერთმა დალოცოს საზღვაო ქვეითები. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები”. ამ სიტყვებით დაასრულა სამხედრო საზღვაო აკადემიაში გამოსვლა პრეზიდენტმა ობამამ.


XS
SM
MD
LG