ამერიკელი მიმომხილველები შენიშნავენ, რომ უკრაინასა და უკრაინელებს 2009 წლის მანძილზე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უკრაინაში უკვე იგრძნობა ღრმა რეცესია და საცხოვრებელი სტანდარტების გაუარესება. ამ ფონზე, ექსპერტები აცახადებენ, რომ ოფიციალურ კიევს დიდი ძალისხმევის გაღება დასჭირდება, რათა ევრო სტრუქტურებისა და ევროატლანტიკური თანამეგობრობისკენ აღებული გეზი რუსეთთან არსებულ პრობლემებთან და შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასთან დააბალანსოს. ეს ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით, კი მაშინ, როცა მოსკოვი უკრაინის სწრაფვას დასავლეთისკენ, საკუთარი ინტერესების შებღალვად მოიაზრებს.
ამ დროს, უკრაინას ენერგო სექტორში შექმნილი მდომარეობის გამოსწორებაც მოუწევს, სფეროში, სადაც უკრაინა ყველაზე მეტად არის რუსეთზე დამოკიდებული.
დღეს, ამ საკითხებზე სასაუბრობდ დავუკავშირდით ვაშინგტონში მდებარე საეთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტს ბატონ ანდერს ასლუნდს.
უკრაინის გარდა, ჩვენი მასთან საუბრის თემა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა იყო.
უკრაინა, ანდერს ასლუნდისა და სხვა გამოჩენილი ამერიკელი ექსპერტების შეხედულებით, ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. უკრაინის შიდა პოლიტიკური მდომარეობა ღია და მრავალფეროვანია, თუმცა მაინც პრობლემატური. პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს - ნარინჯისფერი რევოლუციის ორ ლიდერს შორის გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა , პარალიზებას უხდენს პოლიტიკურ პროცესებს. 2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მდგომარეობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გართულდება. ოპოზიციონერ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიას, კი ბევრი არაფრის გაკეთება მოუწევს, რამეთუ იგი ისედაც სარგებლობს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის დაღმავალი რეიტინგით.
ანდერს ასლუნდი გვეუბნება, რომ უკრაინა განსაკუთრებით დაზარალდა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ჩვენ დღეს შეგვიძლია იმის თქმა, რომ უკრაინა ევროპულ პოლიტიკაზე ორიენტირებული რჩება. ქვეყანა ძალიან კარგად მისდევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ პროგრამას. ამასთან ერთად არის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ექსპორტის შემცირება და მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა. ამიტომაც, უკრაინელებს მოეთხოვებათ, რომ უფრო კარგად გააცნობიერონ თავინთი შესაძლებლობები და გამოწვევები, ხარჯონ ნაკლები და ასევე ყველა შესაძლო საშუალებით უკეთ მოუხდინონ მობილიზება საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას, აქ უნდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი იუშჩენკო ნელნელა კარგავს ხალხის ნდობას და იგი დაღმავალი რეიტინგის დასაძლევად, პარლამენტის თითქმის ყველა გადაწყვეტილებას ვეტოს ადებს.
ამერიკა უკრინაში ბოლო 17 წელია აქტიურად მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ხელშესაწყობდ. რა გზას უნდა დაადგეს ობამას ადმინისტრაცია, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის სტაბილურობას.
ანდერს ასლუნდი გვპასუხობს: “მე ვფიქრობ, რომ მთავარი ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის არის უკრაინის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მისი დემოკრატიისა და სტაბილურობის გადასარჩენად. უკრაინა ყოველთვის იყო და არის ამერიკის მეგობარი ქვეყანა. ამერიკის ახალმა მთავრობამ ეს კეთილგანწყობა უნდა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები. თუმცა არსებული პრობლემების ფონზე, ვაშინგტონისთვის ძნელდება კიევთან ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაცია უკრაინასთან დამოკიდებულებას გადაუდებელ პრიორიტეტად სახავს. არავისთვისაა დასამალი, რომ ამერიკის ინტერესებშია ის ფაქტი, რომ უკრაინამ გააგრძელოს სვლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტაბილური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით და ევროპასთან და ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან უფრო აქტიური ურთიერთობით.
გვეუბნება ჩვენი სტუმარი, ვაშინგტონის სარეთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტიდან და აგრძელებს, რომ ამერიკის მხარდაჭერისა და უკრაინასთან გამუდმებული მუშაობის გარეშე, იქ სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს. იმისათვის რათა ვაშინგტონმა წარმატებით ითანამშრომლობს უკრაინასთან, ქვეყნის ლიდერებმა უნდა დაძლიონ აზრთა სხვადასხვაობა და უფრო თანმიმდევრული პოლიტიკური გეზი გაატარონ, რაც ქვეყანას მძიმე მდგომარეობის დაძლევას კიდევ უფრო გაუადვილებს. "
"საქართველოს შემთხვევას მე ასევე პრობლემურად განვიხილავდი, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ ფრონტზე, როცა მდგომარეობა მთელს მსოფლიოში ძალიან რთულია, იკლებს იმპორტი და შემწეობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან არ არის ძალიან შთამბეჭდავი.
რაც შეეხება ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩემი აზრით ნამდვილად კარგია, როცა ხალხი საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად გამოთქვამს პროტესტს, არის ჯანსაღი , კონკურენტული გარემო, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა დემონსტრაცია და პროტესტი არ იღებს ძალადობრივ სახეს. "
"საქართველოს უსაფრთხოება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ყველაზე მთავარი საკითხებია. ნატოში გაწევრიანება ან არ გაწევრიანება კი არ არის პრობლემა, არამედ მდგომარეობა კონფლიქტურ რეგიონებში და ის, თუ როგორ მოქმედებს არასტაბილური სიტუაცია ხალხის ბედზე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი არაერთ პროვოკაციას აწყობდა და საბოლოოოდ მოსალოდნელიც იყო სრულმასშტაბიანი აგრესია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ამერიკამ და მსოფლიოს სხვა ძლიერმა სახელმწიფოებმა ყველანაირად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოსა და უკრაინის მსგავს ქვეყნებს.
რუსეთის აგრესიის დროს, ამერიკამ არაფერი არ გააკეთა ქართველების მხარდასაჭერად. ეს ჩემი აზრია. ქართული არმია არც კი იყო სათანადოდ შეიარაღებული ასეთი გააფთრებული ბრძოლისთივს. ამერიკამ ერთადერთი რაც მოიმოქმედა, იყო ის რომ რუსეთის პროვოცირება მოახდინა საქართველოსა და უკრაინის სასარგებლოდ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერით. ამიტომაც ჩემთვის როგორც პოლიტიკური ექსპერტისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი ხედვა, ვიდრე კონკრეტული ამოცანები, რომლებსაც მოკლე ვადაში მოაქვთ სარგებელი".