ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინია კაკაბაძე: საზოგადოებრივი არხი საზოგადოებისთვის


უკვე ერთ თვეზე მეტია რაც საზოგადოებრივი არხი განახლებული სახით გავიდა ეთერში. არხი განწყობისათვის – ასეთია ტელეკომპანიის სლოგანი. არ იყო გასული ერთ თვეზე მეტი, რომ ჟურნალ “ცხელ შოკოლადში” არა ერთი კრიტიკული სტატია დაიწერა ახალი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებზე. ბრალდებები ერთმანეთის მსგავსია, მაუწყებელი არის ერთფეროვანი, ყალბი, არ ასახავს სინამდვილეს, გადაცემის ავტორები თუ წამყვანები შერჩეულნი არიან გარეგნული და არა გონებრივი მონაცემების გამო, ჭარბობს უგემოვნობა, იგრძნობა საბჭოთა საქართველოს პათეტიკა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, არხის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ამ ბადით და ეთერით მან დაიბრუნა მაყურებელი და რეიტინგი, რომელიც თითქოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მოეთხოვება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი. რაში მდგომარეობს მისი და მისი ჟურნალის ავტორთა პრეტენზიები – რატომ არიან “ცხელი შოკოლადის” ავტორები ასე კრიტიკულნი?

შორენა შავერდაშვილი – ჩვენ უკვე ერთი წელია ძალიან ბეჯითად ვცდილობთ თვალი ვადევნოთ და არ გამოვტოვოთ არაფერი, რაც საზოგადოებრივი არხის შიგნით ხდება. პირველი პრეტენზია არის ის რომ ეს ახალი საზ. მაუწყებელი ასახავს ძალიან ერთფეროვან, ვარდისფერ, სიურეალისტურ სურათს, რაც არაფრით შეესაბამება რეალობას. ძალიან ბევრი გადაცემა ვნახე და შემიძლია ცალსახად ვთქვა. საქმე იმაშია, რომ ეს განახლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ბევრს არ მოწონს და ის მართლაც არ ასახავს იმ ფართო სპექტრს, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ მოლოდინი, რომელიც ამ არხის მიმართ გვქონდა, გულწრფელად შოკისმომგვრელი იყო სურათი, რომელიც მივიღეთ.

- განახლებულ პირველ არხზე ნებისმიერი გადაცემა შესანიშნავ მასალას წარმოადგენს მედია-მკვლევარებისთვის, მაგრამ მთავარი ის ტენდენციაა, რასაც საბჭოთა საქართველოს და მისშემდეგ არსებული შევარდნაძისეულ-კომკავშირული საქართველოს ტრადიციის გაგრძელება ქვია. გადაცემების პათოსი საბჭოთაა, აშკარაა ნოსტალგია კარგ, ძველ, გემრიელ და ნაღდ თბილისურ თუ ქართულ ატმოსფეროზე, აქვე გამოჩნდა მხედრიონის იდეალიზირების მცდელობაც, ახალ წელს ისევ “ჩხკივთა ქორწილი” შემოგვთავაზეს, როგორც ძველ დროს იყო... ამიტომაც ძალიან სიმპტომატურია, რომ გადაცემა “წითელი ზონა”, სადაც საბჭოთა წარსულის ანალიზი ხდებოდა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას - იმისათვის, რომ სამუდამოდ დაივიწყოს საბჭოთა საქართველოს ტრადიცია - ყველაზე მეტად სჭირდება, გაქრა! რასაკვირველია, ამ გადაცემის ამ არხის დღევანდელ ბადეში ჩასმა, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური იქნებოდა, რადგან “წითელი ზონისა” და დანარჩენი გადაცემების შეუსაბამობა საბოლოო ჯამში აბსურდში გარდამავალ კომიკურ ეფექტს შექმნიდა. ასე, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ საზოგადოებრივი ტელევიზიიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, პირველი არხისკენ, უკან წარსულში.

XS
SM
MD
LG