ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუბრიკა თბილისიდან: დევნილები აფხაზეთიდან


ისე მოხდა, რომ დღეს 15 წლის შემდეგ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელმეორედ შეექმნათ პრობლემები. ომმა და დევნილების ახალმა ნაკადმა მათ 15 წლის წინანდელი რეალობა გაუცოცხლა. ისინი არც მაშინ იყვნენ ყურადღების ცენტრში და არც დღეს არიან. 15 წლის მანძილზე თუკი რამეს მიაღწიეს ყველაფერი საკუთარი ძალისხმევით და სიცოცხლის უნარიანობით მოხდა. ამ წლების განმავლობაში მათ კიდევ არაერთ მძიმე პერიოდს გაუძლეს. დღეს აღარ გავიხსენებთ განვლილ წლებს და სწორედ დღეს შექმნილ ვითარებაზე მოგახსენებთ.

აფხაზეთიდან იძულებით წამოსული, მედიკო ჯიქია შვილისშვილებთან ერთად კალა უბნის 6 ნომერში დროებით ცხოვრობს, თუმცა პრობლემები ჯერ ისევ აქვს. მას ბინის დაცლას თხოვენ, საცხოვრებელი ფართის ახალი მფლობელები თხოვენ.

მედიკო ჯიქიას გარდა, ამ შენობაში კიდევ 10 ოჯახი ცხოვრობს. დევნილები ამბობენ რომ ვარკეთილში მდებარე საცხოვრებელი ფართი მათ 2006 წელს დაიკავეს და ოთახები საკუთარი სახსრებით გაარემონტეს. დევნილები აცხადებენ, რომ მათ ბევრჯერ მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თხოვნით – კალა უბნის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელში მათი დამისამართება მომხდარიყო. როგორც დევნილები აცხადებენ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეკონომიკის სამინისტრომ მიუხედავად იმისა, რომ შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ საცხოვრებელი ფართები მაინც გაყიდა. შენობის მესაკუთრე ადვოკატები აცხადებენ, რომ საცხოვრებელი ფართის შესყიდვა იქამდე მოხდა, ვიდრე იქ დევნილები შეიჭრებოდნენ. ადვოკატების განცხადებით, მესაკუთრეებმა თავისუფალი ფართი 2008 წლის იანვარში შეისყიდეს, აფხაზეთიდან დევნილები კი შენობაში მოგვიანებით შესახლდნენ. ერთერთი მესაკუთრეც ამავეს აცხადებს. კალა უბნის 6 ნომერში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც გამოთქვამს.

მაია რაზმაძე განმარტავს, რომ საცხოვრებელში მცხოვრებ 11 ოჯახს გამოსახლება არ ემუქრება.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, რომელიც ამ ობიექტზეა განთავსებული, ალტერნატიულ ფართს ითხოვს თუკი მათ ამ შენობის დატოვება მოუხდათ. თუმცა მათი არჩევანი მაინც ის გარემოა, რომელიც თავად მოაწყეს.

ეს ის სფეროა, რომელშიც სახელმწიფომ უკანაკსნელ პერიოდში ბევრის გაკეთება შეძლო, ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ ამ შემთხვევაში ეს 11 ოჯახიც არ დარჩება უკმაყოფილო და განაწყენებული და აღარავინ დაანგრევს მათ ცხოვრებას ხელმეორედ.

XS
SM
MD
LG