ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილის ისტორია

ქართულ ტელემედიაში ერთი უსიამოვნო ტენდენცია შეინიშნება უკანასკნელი დღეების მანძილზე C და ბუნებრივია არც მათი პრობლემები. რამდენადაც მობილიზებული იყო საზოგადოება ომის შემდგომ დღეებში, დევნილებს ყოველდღიურად აკლდებათ ყურადღება და ამ ყურადღებასთან ერთად ის მინიმუმი, რომელიც მათი არსებობისთვის არის უაცილებელი. ვაკე საბურთალოს გზაზე ე.წ. "ზაკვოს" შენობაში 1500-ზე მეტი დევნილია. რადიო ამერიკის ხმა შეეცდება კვირაში ერთი დღე, სხვადასხვა პუნქტებში განთავსებულ დევნილებს და მათ პრობლემებს დაუთმოს დრო, იმისთვის, რომ საზოგადოებას, სახელმწიფო სტურქტურებს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შევახსენოთ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი დევნილია, რომლის მოთხოვნების მინიმუმიც არ არის დაკმაყოფილებული. ამ კონკრეტულ პუნქტში კი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უზარმაზარ 8 სართულიან შენობაში არ არის ელექტროენერგია და ომს უვნებლად გადარჩენილმა ქალბატონმა, სწორედ ამ უსინათლო შენობაში ორივე ხელი მოიტეხა. პირველ ისტორიას გვიამბობს დევნილი, სოფელი თირტიზადან, ქალბატონი მანანა ახალკაცი.
მანანა ახლკაცი - მე 10 რიცხვიდან აქ ვარ და ისიც სანამ გზა არ გადავკეტეთ, მანამდე ვერაფერი ვერ მივიღეთ. ნახევრად მშივრები ვართ. აქ რომ დაათვალიეროთ ჩემი ოთახი, მოხარშული მაკარონის მეტი ვერაფერს ნახავთ. 10 ოჯახზე ერთი გაზი გვაქვს. შუქი საერთოდ არ გვაქვს, სანთლის ფულიც არ მაქვს. არავინ არაფერს არ გვაძლევს, ბავშვებს ნათლობის ჯვრები დავხსენი და ჩავაბარე ლომბარდში. კაცი არ კითხულობს ვინმეს წამალი ხომ არ გვინდა, ან რამე ელემენტარული...

- ქალბატონი მანანას გვერდით ოთახში 9 წლის უსინათლო გოგონა წევს, რომელსაც სიმსივნე აქვს და მას დღეს არა თუ სამკურნალო წამლები, არამედ საჭმელიც მეტად ლიმიტირებულად, მხოლოდ მოხარშული მაკარონის სახით მიეწოდება. პირობები, სადაც 9 წლის დაავადებული გოგონა წევს გაუსაძლისია, მას დღეს ვერ ეხმარებიან. ასევე ვერ დაეხმარნენ ქარელის რაიონის, სოფელი დვანიდან დევნილს, ქალბატონ მარიამ მამულაშვილს, რომლის შვილიც ასევე მკურნალობას ითხოვს. მოვისმინოთ მარიამ მამულაშვილის ისტორია.

მარიამ მამულაშვილი - ვარ მეორედ ლტოლვილი, ჯერ ცხინვალიდან, შემდეგ ვცხოვრობდი ქარელის რაიონ, სოფელ დვანში და ახლა მეორედ მომიწია სახლიდან გამოქცევა. ჩემს სახლზე ვიცი რომ სულ გაქურდულია და მხოლოდ კედლებია დარჩენილი. შვილი მყავს ავადმყოფი, მარცხენა მხარეს პარეზი აქვს დაბადებიდან, დღეს მყავდა ექიმთან, რომელმაც სულ ორი წამალი გამომიწერა, მაგრამ ეს წამალი რომ ვიყიდო, დავთვალე და 200 ლარზე მეტი მჭირდება და საიდან უნდა მოვიტანო ეს ფული. ვის მივმართო, რა გავაკეთო, ვინ დამეხმარება?!

- ჩვენ მრავალ დევნილს გავესაუბრეთ და ვკითხეთ მათი პირველადი მოთხოვნების შესახებ, ბუნებრივია, ისინი ვინც სამედიცინო დახმარებას ითხოვენ მათთვის მთავარი მედიკამენტებით დახმარებაა, მაგრამ საერთო განწყობა ერთზე მიუთითებს, მათ სურთ ელექტროენერგია საღამოს საათებში მაინც მიიღონ, იმისათვის რომ მინიმალური უსაფრთხოება მაინც იგრძნონ და რაც მთავარია არ იგრძნონ თავი უკუნეთში მიგდებულ, არავისთვის საჭირო ადამიანებად.

XS
SM
MD
LG