ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ბირჟაზე აქციების ფასმა 6. 1 პროცენტით დაიწია


ამერიკულ პრესაში გრძელდება საქართველოში რუსეთის აგრესიის ირგვლივ ანალიტიკური მასალის განთავსება. აი რას წერს გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც რუსეთში აქციების ვარდნას ეხება.

მოსკოვის პირველმა ომმა უცხოეთის ქვეყანასთან, მას შემდეგ რაც იგი კაპიტალისტურ ქვეყნად გარდაიქმნა, ძლიერ იმოქმედა მოსკოვის ბირჟაზე, რომლის აქციების ღირებულებაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. ასეთ სიტუაციას არასდროს უარსებია საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა სცნო, რუსეთის ბირჟაზე აქციების ფასმა 6. 1 პროცენტით დაიწია. დასავლეთი რუსეთს დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ ჯერ-ჯერობით დაუკონკრეტებელ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზომებს მიმართავს.

ასეთმა სიტყვიერმა ომმა უცხოელი ინვესტორები დააფრთხო და მათ ფასიანი ქაღალდების მოშორება დაიწყეს. ნათქვამია სტატიაში.

"მომავლის პროგნოზი საკმაოდ ნეგატიურია" ამბობს სამენეჯმენტო კომპანიის "რედ სტარის" თავმჯდომარე ჯეიმს ფინკნერი. "რუსეთს ბოროტების იმპერიის გამოცოცლხებული იმიჯის გასაქარწყლებლად დიდი ჯაფის დახარჯვა მოუწევთ". აღნიშნავს ფინკნერი სტატიის გვერდებზე.

თუმცა დასავლეთის მხრიდან იმის მცდელობა, რომ რუსეთს ეკონომიკური ზიანი მიაყენოს ძალზე ეფექტური ვერ იქნება, ვინაიდან რუსული ნავთობი და ბუნებრივი აირი დასავლეთ ევროპას ძლიერ ესაჭიროება. აგრეთვე რუსეთი უცხოურ ვალუტასა და ოქროს რეზერვებით 600 მილიარდ დოლარს ფლობს. ნათქვამია აქ.

საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ რუსულმა რუბლმა ამერიკულ დოლართან შედარებით ოთხი პროცენტით დაიწია. ასევე რუსეთი შიშობს, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ვეღარ გაწევრიანდება. ამ დროს კი რუსეთის ჯარი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას. დასავლეთი კონკრეტულ ზომებზე არ საუბრობს, მაგრამ შესაძლებელია, რომ რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხონ, რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრონ და დასავლეთში არსებული რუსული ანგარიშები გაყინონ. წერია ნიუ იორკ თაიმსში განთავსებულ ამ წერილში.

ამ ზომებს უფრო დიდი ეფექტის გამოწვევა ძალუძს ახლა ვიდრე საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, ვინაიდან რუსეთის ბევრი ოფიციალური პირი პარალელურად სახელმწიფო კომპანიების ბორდის წევრიცაა. ასე მაგალითად პრეზიდენტი მედვედევი ადრე გაზპრომს ხელმძღვანელობდა. თანაც ბევრი რუსული კომპანია გლობალიზაციაზეც ფიქრობს. სტატიის ავტორები ფიქრობენ, რომ ზეწოლას სასურველი შედეგების გამოღება ძალუძს.

თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ საქმის ასეთი განვითარებიდან დასავლეთ ევროპა და ამერიკაც კი იზარალებს. მიმდინარე წლის დასაწყისშირუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ამერიკულ საიპოთეკო გიგანტებში კომპანიებში "ფანი მეიში" და "ფრედი მაკში" 100 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი შეიძინა. ასევე რუსეთის დუმის წევრები შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიულ კონგრესს დაესწრნენ და სენატორ ბარაკ ობამას წარმომადგენლებს შეხვდნენ ხოლო მათთვის პრეს-კონფერენცია საინვესტიციო კომპანია "გოლდმან საქსმა" მოაწყო. აღნიშნულია გაზეთ ნიუ იორკ თაიმსში განთავსებულ წერილში.

გაზეთ ვაშინგტონ პოსტის დღევანდელ გამოშვებაში რუსეთ-საქართველოს სიტუაციას რამდენიმე წერილი ეხება.

აი რა წერია ერთ-ერთ მათგანში, რომლის ავტორებიც ცნობილი ბიზნესმენი დევიდ რივკინი და იურისტი კარლოს რამოს მროსოვსკი არიან.

აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის აღიარებას უახლოეს პერიოდში რუსეთის მიერ მათი ანექსია მოჰყვება. მოსკოვი პოლონეთისა და უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებითაც იმუქრება. ყველაფერი ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთმა ცივი ომის განახლება გადაწყვიტა. ნათქვამია სტატიაში.

მსოფლიო ჯეროვნად ვერ გამოეპასუხა რუსეთის გამოწვევას. რუსეთს დასავლეთის ქმედება ნაკლებად აღელვებს, ვინაიდან დასავლეთ ევროპა დიდადაა დამოკიდებული რუსული საწვავის მოხმარებაზე.

თუმცა დასავლეთს უფრო მტკიცე პოზიციის დაკავება ძალუძს ვიდრე ვლადიმირ პუტინს გონია. რუსეთის მმართველ ელიტას საკუთარი ფინანსების დიდი ნაწილი და უძრავი ქონება აქვს დასავლეთში. მათ წინააღმდეგ სანქციების განხორციელება კი ძალზე ეფექტური შეიძლება იყოს,

ვინაიდან რუსეთის ელიტას საკუთარი კეთილდღეობა უფრო აინტერესებს ვიდრე სახელმწიფო ინტერესები. ნათქვამია სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ყოფილი უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები მართავენ და რომ ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ნედლეულის ექსპორტს ეყრდნობა, რუსეთი გლობალურ ეკონომიკაშია ჩაბმული. "ჩეკისტი ოლიგარქები" მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან. მათ ლონდონსა და პარიზში უძვირესი სახლები ეკუთვნით. მათი შვილები განათლებას დასავლეთში იღებენ. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კრემლის ნებისმიერი მანიპულაცია უნდა აღკვეთოს. დასავლეთმა უნდა აღკვეთოს კრემლის მიერ დამატებითი ნავთობსადენებისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების შეძენა.

პუტინის და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პუტინის რუსეთში ავტორიტარიზმზე უფრო საშიში რამ აზვირთდა. კორუფციის, ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლების პოლიტიკურ ავტოკრატიასთან შერწყმამ მთელი მსოფლიოს მშვიდობას შეუქმნა საფრთხე. ამის წინააღმდეგ გალაშქრება კი დასავლეთის სტრატეგიულ აუცილებლობას წარმოადგენს. ასე სრულდება გაზეთ ვაშინგტონ პოსტში დაბეჭდილი სტატია.

XS
SM
MD
LG