ბუქარესტის სამიტის შემდეგ , სადაც საქართველოს მაპი უნდა მიეღო და ამით დიდი ნაბიჯი გადაედგა ნატოში გეწევრიანებისაკენ, საქართველოში ბევრი გააოგნა გერმანიის პოზიციამ, რომელმაც საქართველოს ბუქარესტში მხარი არ დაუჭირა. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის არგუმენტების გაგებას შეეცდებიან სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრები. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაცია შეეცდება კითხვით მიმართოს გერმანიის კანცლერს, შეიცვლება თუ არა გერმანიის პოზიცია დეკემბერში ? როდესაც საქართველოსთვის მაპის მიღების საკითხს ნატოს სამიტი კიდევ ერთხელ განიხილავს.
აღნიშნულ საკითხებზე პოლიტოლოგი ირაკლი მენარარიშვილი : - ეს მთლიანად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა სახით წარსდგება საქართველო დეკემბრის მინისტერიალზე. ანუ, რა იქნება ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო გადადგამს დღეიდან, ბუქარესტის შემდგომ პერიოდში. ამოცანაა, მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არჩევნები უნდა პასუხობდეს შესაბამის სტანდარტებს. საქართველომ უნდა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელოს საკუთარი სისტემის ტრანსფორმირება და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ასევე საქართველომ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით.
ის კურსი, ის მიმართულება, რომელიც იქნება ხაზგასმით დადასტურებული ამ პერიოდში, მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუ რა დამოკიდებულება ექნებათ ჩვენს მოკავშირეებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცის საკითხისადმი.